2025 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები

ბრიუსელის მოლდოვის საელჩოში არჩევნების დღეს ბომბზე შეტყობინების გამო ევაკუაცია გამოცხადდა

28 სექტემბერს, ბრიუსელის ცენტრში მდებარე მოლდოვის საელჩოში ბომბზე შესული შეტყობინების გამო ევაკუაცია გამოცხადდა, რაც მოგვიანებით ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა.

Politico-ს ცნობით, განგაშის გამოცხადების შემდეგ შენობა დაიცალა, ხოლო პოლიციამ საფრთხის ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა. ხელისუფლების მხრიდან ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოცხადების შემდეგ კი საელჩოში ხმის მიცემა გაგრძელდა.

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს პროევროპულ მთავრობას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ რუსეთი ცდილობს, საარჩევნო პროცესსა და ქვეყნის დასავლურ ბლოკში გაერთიანებას ხელი შეუშალოს.

ამასთან, აგვისტოში მოლდოვის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიერუმ Politico-ს განუცხადა, რომ მოსკოვი შეეცდებოდა დიასპორის ამომრჩევლის დაშინებას, რომელთა უმრავლესობას ევროკავშირის წევრობა სურს.

მისი თქმით, მოსალოდნელი იყო ისეთი დარღვევები, რომლებიც წინა არჩევნებზე უკვე იხილეს - მაგალითად, ევროპულ ქალაქებში ბომბებზე ცრუ შეტყობინებები და საზღვარგარეთ მოწყობილი საპროტესტო აქციები, რისი მიზანიც ცრუ უკმაყოფილების სიმულაცია იქნებოდა.

28 სექტემბერს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ბელგიაში, იტალიაში, რუმინეთში, ესპანეთსა და აშშ-ში, მოლდოვის დიასპორისთვის განკუთვნილ საარჩევნო უბნებზე, ბომბის შესახებ შეტყობინებები შევიდა, რაც, ოფიციალური პირების თქმით, წარმოადგენს "რუსეთის ფედერაციის თავდასხმას მოლდოვის რესპუბლიკაში საარჩევნო პროცესზე."

მოლდოვური IPN-ის დირექტორის, დენის დერმენჯის ინფორმაციით, ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინება ჟენევაში, რომში (ორ უბანზე), ბუქარესტში (ორ უბანზე, აშშ-ს ქალაქ ეშვილში, ალიკანტესა და ბრიუსელში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შევიდა.

ამასთანავე, მოლდოვაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცნობები გაავრცელეს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობების შესახებ.

ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აღკვეთეს კიბერთავდასხმის მცდელობები, რომელთა სამიზნეც მოლდოვის საარჩევნო ინფრასტრუქტურა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმების სამიზნე მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდი, მთავრობის ქლაუდ სერვის სისტემები, პროცესის ავტომატიზაციის სისტემები და უცხოეთში რამდენიმე საარჩევნო უბანი იყო.

28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

გამოკითხვები მიუთითებს, რომ სანდუს მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას (PAS) შესაძლოა, უმრავლესობის შენარჩუნება გაუჭირდეს.

Reuters აღნიშნავს, რომ მოლდოვის დიდმა დიასპორამ, რომლის აზრიც გამოკითხვებში, როგორც წესი, ვერ აისახება ხოლმე, შესაძლოა, არჩევნებში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. სავარაუდოა, რომ დიასპორის დიდი ნაწილი პროევროპულ PAS-ს დაუჭერს მხარს.

კომენტარები