NATO-რუსეთი

რუსი დიპლომატი ომით იმუქრება, თუ NATO საკუთარ საჰაერო სივრცეში რუსულ თვითმფრინავს ჩამოაგდებს

25 სექტემბერს RTL news-თან ინტერვიუში საფრანგეთში რუსეთის ელჩმა, ალექსი მეშკოვმა თქვა, რომ NATO-ს მხრიდან მათ ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება "ომი იქნება."

კომენტარი მოსკოვსა და NATO-ს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე გაკეთდა მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა რუსეთი ბოლო კვირებში საჰაერო სივრცის დარღვევაში რამდენჯერმე დაადანაშაულეს. 

"როგორც ცნობილია, რუსეთის საჰაერო სივრცეს NATO-ს ბევრი თვითმფრინავი არღვევს, განზრახ თუ არა ეს ხშირად ხდება, მაგრამ მათ თავს არ ვესხმით" - განახცადა მეშკოვმა. 

ცნობისთვის, 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.

მანამდე, 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს, რის პასუხადაც პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

მეშკოვი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს და ამატებს, რომ მათ შორის ამ კვირის დასაწყისში დანიასა და ნორვეგიაში შემჩნეულ დრონებთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ ის რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "დიახ, ასე ვფიქრობ".

კომენტარები