პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება

რესპუბლიკელი კანონმდებლები პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აკრიტიკებენ

აშშ-ს მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

ყოფილი აშშ-ს ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი ამ გადაწყვეტილების დაგმობაში სხვა სენატორებს შეუერთდა: "პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხის გააქტიურებით ჰამასს დაემორჩილნენ".

მისი თქმით, ამერიკის მოკავშირეები "მძევლების გათავისუფლებასა და ომის დასრულებაზე მეტად, ჰამასის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ".

 "პალესტინის ‘სახელმწიფოს’ აღიარება არის ფუჭი და მოჩვენებითი საქციელი, რომელიც მხოლოდ ჰამასის ჯალათებსა და მოძალადეებს აჯილდოებს" - განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა.

სენატორმა ლინდსი გრემმა "ე.წ. ცივილიზებული მსოფლიო თანამედროვე რელიგიური ნაცისტების“ აღიარებაში დაადანაშაულა.


ცნობისთვის, 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოებრიობა კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ აღიარეს, ხოლო გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იგივე ნაბიჯის გადადგმას კიდევ 6 ქვეყანა აპირებს.

ამ გადაწყვეტილების პასუხად ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნების ლიდერები "ტერორს აჯილდოებენ" და დაამატა, რომ პალესტინური სახელმწიფო "ვერ ჩამოყალიბდება".

"მკაფიო გზავნილი მაქვს იმ ლიდერებისთვის, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ - თქვენ ტერორს დიდად აჯილდოებთ," აცხადებს ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეოში.

"მე კიდევ ერთი გზავნილი მაქვს თქვენთვის: ეს არ მოხდება, იორდანიის დასავლეთით პალესტინური სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება." - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. 

ამასთანავე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელი "კატეგორიულად" უარყოფს გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას.

"[ეს] უფრო მეტ დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში და სამომავლოდ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის შანსებს ძირს უთხრის." - წერს ისრაელის საგარეო სამინისტრო X-ზე.

ისრაელის თქმით, ეს "არა მხოლოდ აჯილდოებს ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების მიმართ ჩადენილ ყველაზე დიდ ხოცვა-ჟლეტას იმ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, რომელიც მოითხოვს და ცდილობს ისრაელის განადგურებას, არამედ კიდევ უფრო ამყარებს ჰამასისადმი მხარდაჭერას."

კომენტარები