NASA-მ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მარსზე შესაძლოა წარსულში არსებული სიცოცხლის “ყველაზე ნათელი ნიშანი” აღმოაჩინეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ როვერ Perseverance-ის მიერ აღმოჩენილ თიხის ქანის ნიმუშზე სპეციფიკური ლაქები მარსის უძველესი მიკროორგანიზმების ქიმიური რეაქციების შედეგად შეიძლება იყოს წარმოქმნილი.
თუმცა, მეცნიერებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ლაქები აბიოტური პროცესების შედეგადაც შესაძლოა წარმოქმნილიყო, ამიტომ დასკვნის გამოსატანად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
მეცნიერთა გუნდმა ანალიზის შედეგების შესახებ კვლევა, რომელსაც აკადემიური რეცენზია აქვს გავლილი, სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნა.
"ეს ნამდვილად შესაძლოა იყოს სიცოცხლის ყველაზე ნათელი ნიშანი, რომელიც მარსზე ოდესმე გვიპოვია, რაც ძალიან ამაღელვებელია". - თქვა NASA-ს მოქმედმა ხელმღვანელმა, შონ დაფიმ ბრიფინგზე.
Perseverance-მა თიხის ქანის ნიმუში, სახელწოდებით Sapphire Canyon, გასული წლის ივლისში ეზეროს კრატერში, უძველესი მდინარის კალაპოტში, ბრაით ენჯელის სახელის მქონე ფორმაციაში მდებარე ქანიდან, ჩეიავა ფოლსიდან მოიპოვა. ნიმუშს როვერის ხელსაწყოებით ჩაუტარდა დაკვირვება, ხოლო მონაცემები შემდგომ დედამიწაზე მეცნიერებმა გააანალიზეს.
როვერი Perseverance ეზეროს კრატერში 2021 წელს დაეშვა, რათა პლანეტაზე წარსულში არსებული სიცოცხლის შესაძლო ნიშნები გამოეკვლია - წარსულში ამ კრატერში ტბა მდებარეობდა, როვერი კი უძველესი, დამშრალი მდინარის დელტაში ქანების ნიმუშებს აგროვებს.
ქანებს, რომლებსაც მეცნიერებმა კვლევა ჩაუტარეს, როვერმა თავდაპირველად SHERLOC-ის ინსტრუმენტით შეამოწმა, რითაც გაირკვა, რომ მასში ორგანული ნივთიერებები შეიძლება ყოფილიყო.
გარდა ამისა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, ქანში კალციუმის სულფატის ძარღვები მიუთითებს, რომ მასში წარსულში წყალი მიედინებოდა.
ამასთან, ქანზე სპეციფიკური ლაქები აღმოაჩინეს, რომლებსაც მეცნიერებმა მსგავსების გამო “ლეოპარდის ლაქები” და “ყაყაჩოს თესლები” უწოდეს. Perseverance-ის ინსტრუმენტებით დაკვირვებით ირკვევა, რომ ეს ლაქები რკინასა და ფოსფატს შეიცავს.
მკვლევრები სპეციფიკური ლაქების წარმოქმნის ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ - ერთი ვერსიით პროცესში ბიოლოგიური ორგანიზმები მონაწილეობდა, მეორე სცენარში კი პროცესი წმინდად გეოქიმიური იყო. ამიტომ, ამ ლაქების წარმოქმნის პროცესზე მეტის გარკვევა აუცილებელია იმის დასადგენად, მიუთითებს თუ არა ახალი აღმოჩენა მარსზე წარსულში სიცოცხლის არსებობაზე.
BBC-სთან საუბრისას კვლევის მთავარმა ავტორმა, ჯოელ ჰუროვიცმა თქვა, რომ აღმოჩენილ ქანებზე არსებული ლაქები მიკროორგანიზმებისა და თიხის ქიმიური ურთიერთქმედების შედეგს შეიძლება წარმოადგენდეს.
“ვფიქრობთ, რომ რაც აღმოვაჩინეთ, არის ტბის ძირში დალექილ თიხაში მიმდინარე ქიმიური რეაქციების მტკიცებულება, ხოლო ეს ქიმიური რეაქციები, როგორც ჩანს თიხასა და ორგანულ ნივთიერებებს შორის მიმდინარეობდა და ამ ორი ინგრედიენტის რეაქციის შედეგად ახალი მინერალები წარმოიქმნა”. - თქვა ჰუროვიცმა.
ჰუროვიცმა აღნიშნა, რომ ჩვეულებრივ, დედამიწაზე ასეთ პირობებში მინერალების წარმომქმნელ ქიმიურ რეაქციებში მიკრობები მონაწილეობენ.
“ეს არის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა იმისა, თუ როგორ გაჩნდა ეს ნიშნები ამ ქვებზე. როგორც ჩანს, ეს შესაძლო ბიოლოგიური კვალის დღემდე ყველაზე დამაჯერებელი აღმოჩენაა”. - თქვა ჰუროვიცმა.
ჰუროვიცმა ასევე დაამატა, რომ ლეოპარდის მსგავსი ლაქების წარმოქმნა აბიოტურ პროცესებსაც შეეძლო. თუმცა, საამისოდ ორგანული ნივთიერებებისა და რკინის ურთიერთქმედება იყო საჭირო, რასაც ჩვეულებრივ მაღალი ტემპერატურები ესაჭიროება, თუმცა მეცნიერები მოპოვებულ ქანებში გაცხელების ნიშნებს ვერ ხედავენ.
“არაბიოლოგიურ სცენარებში გარკვეული სირთულეები ვიპოვეთ”. - თქვა ჰუროვიცმა BBC-სთან საუბრისას.
მკვლევარმა საგანგებო ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო დასკვნის გამოსატანად აუცილებელია, რომ ნიმუში დედამიწაზე ჩამოიტანონ.
“რისი გაკეთებაც გვჭირდება, ესაა აქ, დედამიწაზე ლაბორატორიულ გარემოში დამატებითი კვლევების გაგრძელება და საბოლოოდ ამ ქანების ნინუშის დედამიწაზე ჩამოტანა, რათა საბოლოოდ განვსაზღვროთ, თუ რამ წარმოშვა ეს ფანტასტიკური ტექსტურები”. - თქვა ჰუროვიცმა.





