რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: NATO რუსეთთან ომობს, ეს აშკარაა

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი
Mikhail Grebenshchikov / RBC / TASS

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ NATO რუსეთთან ომში დე ფაქტო ჩართულია იმით, რომ უკრაინას დახმარებას აწვდის.

ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის განცხადების პასუხად ილაპარაკა.

"NATO რუსეთთან ომობს. ეს აშკარაა და არანაირ დამატებით მტკიცებულებას არ საჭიროებს. NATO დე ფაქტო ჩართულია ამ ომში". - თქვა პესკოვმა. 

ცნობისთვის, მანამდე შიკორსკიმ კიევში უკრაინელ კოლეგასთან, ანდრიი სიბიჰასთან შეხვედრის დროს თქვა, რომ NATO რუსეთთან ომში ჩართული არ არის, თუმცა რუსეთი ცდილობს, ომი უკრაინის საზღვრებს მიღმა გააფართოვოს.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.

მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.

12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.

13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც  პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.

მოგვიანებით, რუმინეთმა თავის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონის გამო საჰაერო განგაში გამოაცხადა და F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ააფრინა, რომლებიც დრონს აედევნა.

რუმინეთი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ "საჰაერო სივრციდან ობიექტების ვარდნის შესაძლებლობა" იყო. 

პარალელურად, უკრაინაში პოლონეთთან მოსაზღვრე რეგიონებში რუსული დრონების იერიშების საფრთხის გამო პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა და ლუბლინის აეროპორტის მუშაობა შეაჩერა

სარდლობამ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ოპერაცია დასრულდა და უკრაინაში ვითარების მეთვალყურეობას განაგრძობს. 

კომენტარები