უკრაინაში პოლონეთთან მოსაზღვრე რეგიონებში რუსული დრონების იერიშების საფრთხის გამო პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა და ლუბლინის აეროპორტის მუშაობა შეაჩერა.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ და ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა X-ზე გაავრცელა.
"უკრაინის პოლონეთთან მოსაზღვრე რეგიონებში უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების საფრთხესთან დაკავშირებით დაიწყო სამხედრო ავიაციის მუშაობა ჩვენს საჰაერო სივრცეში.
პოლონური და მოკავშირეთა თვითმფრინავები ჩვენს საჰაერო სივრცეში მოქმედებენ, ხოლო სახმელეთო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები მზადყოფნის მაქსიმალურ დონეზე არის აყვანილი". - ეწერა განცხადებაში.
ტუსკმა აღნიშნა, რომ სამხედრო ავიაციის ოპერაციის გამო ლუბლინის აეროპორტი დროებით დაკეტეს.
"სამხედრო ავიაციის აქტივობასთან დაკავშირებით ლუბლინის აეროპორტი და აეროპორტის გარშემო კონტროლირებული ზონა ფრენებისთვის დაიკეტა". - წერდა ტუსკი.
მოგვიანებით, სარდლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ოპერაცია დასრულდა და უკრაინაში ვითარების მეთვალყურეობას განაგრძობს.
10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.
მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს"იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
დღეს, 13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.





