რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პოლონეთში დრონების შეჭრის შემდეგ, NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე
Agencja Wyborcza.pl / REUTERS

12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.

"ჩვენ, როგორც NATO-მ, მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი მზადყოფნა და შესაძლებლობა, დავიცვათ ჩვენი ტერიტორია - სწორედ ამას ემსახურება 'აღმოსავლეთის მცველი'“ - თქვა რუტემ პრესკონფერენციაზე.

რუტემ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და მასში მოკავშირეები სხვადასხვა სახით ჩაერთვებიან, მათ შორის დანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია და სხვები.

რუტეს თქმით, NATO რუსული დრონების პოლონეთში შეჭრის შესაძლო განზრახვას კვლავ აფასებს. თუმცა, რუტე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, იყო თუ არა რუსეთის ქმედება განზრახ ჩადენილი რამ, ის "გაუმართლებელი და მიუღებელია".


10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.

მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.

კომენტარები