ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზში მიმდინარე "მსურველთა კოალიციის" შეხვედრაზე ონლაინ რეჟიმში ჩართვისას ევროპელ ლიდერებს შესთავაზა, რომ აშშ-მ და ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების საკითხში ერთობლივად იმოქმედონ. სტუბის თქმით, ნავთობისა და გაზის სანქციები განხილვის თემად იქცა.
"ტრამპის მიდგომა ძალიან ნათელი იყო - ჩვენ ახლა სანქციების პოლიტიკაში ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ვეძებოთ გზები, განსაკუთრებით ეკონომიკური მეთოდებით, რათა რუსეთის სამხედრო მანქანა შევაჩეროთ" - განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, სანქციების საკითხში "ორი მთავარი სამიზნეა - ნავთობი და გაზი."
"ამ საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლები მომდევნო 24 საათის განმავლობაში იმსჯელებენ" - თქვა სტუბმა.





