გაერთიანებული სამეფოს მემარჯვენე რეფორმების პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჟმა ქვეყნიდან ასეულობით ათასი მიგრანტის დეპორტაციის გეგმა წარადგინა და პირობა დადო, რომ ამისთვის ქვეყანას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისგან (ECHR) გამოიყვანს.
ფარაჟის თქმით, მისი პარტია ასევე ქვეყანაში გავრცელებას შეუზღუდავს 1951 წლის გაეროს კონვენციას ლტოლვილების შესახებ და გააუქმებს "ნებისმიერ სხვა ბარიერს," რომელიც ხელს შეუშლის არარეგულარული მიგრანტების სამშობლოში ან უსაფრთხო მესამე ქვეყანაში დეპორტაციას.
26 აგვისტოს ოქსფორდშირის აეროპორტში სიტყვით გამოსვლისას ფარაჟმა განაცხადა, რომ დაუყოვნებელი ქმედებებია საჭირო, რათა არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ საზრუნავს მიეხედოს.
"ჩვენ არც ისე შორს ვართ დიდი სამოქალაქო უწესრიგობისგან. ჩვენ უნდა დავტოვოთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, არანაირი თუ, არანაირი მაგრამ... უკან უნდა გავიწვიოთ ადამიანის უფლებათა აქტი." - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR), ასევე ადამიანის უფლებათა აქტი (HRA), რაც გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას ავალდებულებს, ხშირად ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის დაბლოკვისთვის გამოიყენება.
ხოლო ლტოლვილებზე გაეროს კონვენცია ადასტურებს მიგრანტთა უკან არდაბრუნების პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ვერ მოხდება თავშესაფრის მაძიებელთა სამშობლოში ძალით დაბრუნება, სადაც ისინი, დიდი ალბათობით, სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდებიან.
გამოცემა Financial Times-ის ცნობით, მცირე ზომის ნავებით გაერთიანებულ სამეფოში ჩასული მიგრანტების დაკავებასა და დეპორტაციასთან ერთად, ფარაჟის პარტიის გეგმა მოიცავს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ასეულობით ათასი მიგრანტის დეპორტაციასაც.
ამასთან, პარტიის გეგმით, ქვეყანაში არალეგალურად მყოფ მიგრანტებს ექვსი თვე ექნებათ გაერთიანებული სამეფოს ნებაყოფლობით დასატოვებლად - მათ შორის, ისინი წახალისების მიზნით მთავრობისგან £2 500-ის მიღებასაც შეძლებენ - ხოლო ვადის გასვლის შემდეგ მოხდება მათი ძალით დაკავება და ქვეყნიდან დეპორტაცია.





