გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები NATO-ს წევრობასთან "ძალიან ახლოს" უნდა იყოს.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო, DPA ავრცელებს.
"უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებზე სერიოზულად დაფიქრებას ვერ მოვთხოვთ, თუ ის, როგორც მინიმუმ, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოსგან უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს არ მიიღებს, რომ ყოველ შემთხვევაში [უკრაინის ტერიტორიის] დანარჩენი ნაწილი უსაფრთხოდ იქნება". - თქვა ვადეფულმა DPA-ს მიხედვით.
ვადეფულმა აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არამედ სხვა სახელმწიფოებიც, მაგალითად, აშშ-ც, უნდა მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით 30 სახელმწიფოა, მათ შორის იაპონია, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
"მაშინ ეს იმის საფუძველი შეიძლება გახდეს, რომ ევროპაში საბოლოოდ კვლავ მშვიდობა დამყარდეს". - თქვა ვადეფულმა.
გარდა ამისა, ვადეფულმა დაამატა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად უკრაინის საზიანო "დიქტატორული მშვიდობა" არ უნდა დამყარდეს.





