22 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობა პროცესორების მწარმოებელი კორპორაციის, Intel-ის აქციების 9.9%-ს ყიდულობს.
აშშ-ს მთავრობასა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმებით, აშშ 8.9 მილიარდ დოლარად Intel-ის აქციების 9.9%-ს ყიდულობს და მეწილე ხდება.
შეთანხმებით კომპანიის აქციის ფასი 20.47$-ად არის განსაზღვრული, რაც პარასკევს ბირჟის დახურვის დროს Intel-ის აქციის ფასთან, 24.80$-თან შედარებით დაახლოებით 4 დოლარით არის ფასდაკლებული.
აშშ აქციების საყიდლად საჭირო თანხებს Intel-ისთვის აქამდე გამოყოფილი, თუმცა ჯერ გადაუხდელი გრანტებიდან გამოყოფს. კერძოდ, ეს თანხა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს მიღებული CHIPS აქტით გათვალისწინებული, ჯერჯერობით გადაუხდელი 5.7$ მილარდის ღირებულების გრანტებით და ასევე ბაიდენის დროინდელი უსაფრთხო ანკლავის პროგრამით გათვალისწინებული 3.2$ მილიარდით დაიფარება.
Intel-ის განმარტებით, აშშ-ს მთავრობის წილი საკუთრების პასიურ უფლებას გულისხმობს და დირექტორთა საბჭოზე ადგილს არ ითვალისწინებს. ამასთან, მთავრობა ვალდებული იქნება, რომ “გარკვეული გამონაკლისების” გარდა აქციონერთა მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში ხმა კომპანიის საბჭოს სასარგებლოდ მისცეს. Intel-ს არ დაუზუსტებია, თუ რა იგულისხმება ამ გამონაკლისებში.
აშშ-ს ვაჭრობის მინისტმრა X-ზე დაწერა, რომ Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლიპ-ბუ ტანმა შეთანხმება დადო, რომელიც “სამართლიანია Intel-ისთვის და სამართლიანია ამერიკელი ხალხისთვის”.
22 აგვისტოს ბარჟის დახურვის დროს Intel-ის აქციის ფასები 5.5%-ით იყო მომატებული, სამუშაო საათების შემდეგ ვაჭრობის სესიის დროს კი - 1%-ით.
მანამდე, 11 აგვისტოს ტრამპი ტანს შეხვდა და ჩინურ ფირმებთან მისი კავშირების გამო გადადგომა მოსთხოვა, თუმცა, ტრამპის თქმით, ტანმა საბოლოოდ “აშშ-ს 10 მილიარდი დოლარი დაუთმო”.
Intel გასულ წელს წლიურად 18.8 მილიარდი დოლარის წაგებაზე გავიდა, რაც 1986 წლიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია.





