ლიტვამ დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევების ფონზე ბელარუსთან საზღვარზე 90-კილომეტრიანი არასაფრენი ზონა გამოაცხადა.
ლიტვის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის მიერ გამოცემა Reuters-ისთვის მიწერილ განცხადებაში წერია, რომ არასაფრენი ზონა ლიტვის შეიარაღებულ ძალებს საჰაერო სივრცის დარღვევებზე რეაგირების საშუალებას მისცემს.
"ეს გაკეთდა უსაფრთხოების ვითარებისა და საზოგადოების წინაშე არსებული საფრთხეების, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების მხრიდან საჰაერო სივრცის დარღვევების გამო სამოქალაქო ავიაციის წინაშე არებული რისკების გათვალისწინებით". - წერია განცხადებაში.
ლიტვას ბელარუსთან 679-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, ხოლო ქვეყნის დედაქალაქი ვილნიუსი საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრით არის დაშორებული.
არასაფრენი ზონა 14 აგვისტოს გამოცხადდა და ხმელეთიდან 3.7 კილომეტრის სიმაღლემდე ვრცელდება - ამ ზონაში მოხვედრილი საფრენი აპარატები "შეჭრის შემთხვევაში ხელში ჩაგდების ანდა შეტაკების რისკის" წინაშე არიან.
მანამდე, პოლონეთის თავდაცვის მინისტრისა და ვიცეპრემიერის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ცნობით, 20 აგვისტოს ღამით რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში ლიტვამ რუსული დრონის მიერ ქვეყნის ტერიტორიის მეორედ დარღვევის გამო NATO-ს მისი საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერებას სთხოვა.
არსებული ინფორმაციით, ბელარუსიდან ლიტვაში შეფრინდა და ჩამოვარდა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი.
მინისტრის მიხედვით, სავარაუდოდ, დრონი კიევის მიმართულებით გაუშვეს, თუმცა მწყობრიდან გამოვიდა და შემთხვევით ლიტვის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
ცნობისთვის, ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე 31 ივლისიდან 25 აგვისტომდე არასაფრენი ზონა ასევე გამოაცხადა და გადაწყვეტილება "უპილოტო საფრენი აპარატების აქტივობას" დაუკავშირდა.





