რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

თეთრი სახლის ცნობით, პუტინმა პირობა დადო, რომ მომდევნო კვირებში ზელენსკის შეხვდება

კეროლაინ ლივიტი
Chip Somodevilla/Getty Images

თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით საუბრისას პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. 

კითხვაზე, დადო თუ არა პუტინმა მომდევნო კვირებში ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით პირობა, ლივიტმა უპასუხა, მან ეს გააკეთა.

თუმცა, რუსეთის სამთავრობო მედიასთან კომენტარის გაკეთებისას კრემლს ჯერჯერობით არ უთქვამს, შედგება თუ არა პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება არც ორმხრივ და არც სამმხრივ ფორმატს, თუმცა, დაამატა, რომ მსგავსი შეხვედრა "რაც შეიძლება ფრთხილად" უნდა დაიგეგმოს. 

ლივიტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ესმის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროების მნიშვნელობა: "ამიტომ ერთვება ის ამდენ მოლაპარაკებებსა და საუბრებში ომის ორივე მხარესთან, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან." დაამატა მან. 

მანამდე გამოცემა Axios-მა საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ მომდევნო დღეებში ამერიკელი, უკრაინელი და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების დეტალურ წინადადებაზე იმუშავებენ, რაც დიდი ალბათობით, აშშ-ს საჰაერო მხარდაჭერასაც მოიცავს.

წყაროების თქმით, უსაფრთხოების გარანტიებზე წინადადების მოსამზადებლად ამერიკულ-ევროპულ-უკრაინული კომისია შეიქმნა, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს და მასში უკრაინიდან და ევროპის ქვეყნებიდან ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები