რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bild: ტრამპი ჯერ მხოლოდ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ მათ ევროპელი ლიდერებიც შეუერთდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Sven Hoppe/Pool via REUTERS

გერმანული გამოცემა Bild წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 18 აგვისტოს ვაშინგტონში შეხვედრას ჯერ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს, შემდეგ კი მათ ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან. 

გამოცემის მიხედვით, პირველ რიგში ტრამპი მხოლოდ ზელენსკისთან გამართავს შეხვედრას, მოგვიანებით კი დაგეგმილია სამუშაო სადილი და გახანგრძლივებული დისკუსია, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე საათს გაგრძელდება. ერთობლივ დისკუსიაში მონაწილეობას ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, NATO-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტიც შეუერთდებიან. 

ცნობისთვის, 18 აგვისტოს ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში სხვა ევროპელი ლიდერებიც ჩავლენ. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, აშშ-ში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გაემგზავრებიან.

17 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრის დროს ტრამპის ადმინისტრაცია, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ძირითადად უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს განიხილავენ.

"ხვალინდელი საუბრის დიდი ნაწილი დაეთმობა იმას, თუ რა სახის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს უკრაინა, რადგან რაც უკრაინას სურს ისაა, რომ... კარგი, ომი დასრულდა - როგორ უზრუნველვყოთ, რომ ეს აღარ მოხდება. როგორ უზრუნველვყოთ, რომ ორ ან სამ წელიწადში, რუსები ჩვენ წინააღმდეგ კვლავ არ წამოვიდნენ. ამიტომ, მათ გარანტიების შექმნა სურთ, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა ან აღკვეთონ სამომავლოდ მსგავსი ომი. ასე რომ, ხვალ დიდ დროს დავუთმობთ დეტალების განხილვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს." - აღნიშნა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.

რუბიოს თქმით, ასევე დისკუსიის ნაწილი იქნება ის საკითხი, თუ რა როლი ექნება აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის კუთხით.

კომენტარები