დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპის თქმით, ვაშინგტონში გვარდიას გაგზავნის, პოლიცია ფედერალურ კონტროლს უქვემდებარებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Jonathan Ernst/Reuters/File

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ქალაქ ვაშინგტონის პოლიცია ფედერალურ კონტროლს უქვემდებარებს და ქალაქში აშშ-ს ეროვნულ გვარდიას აგზავნის. 

ამის შესახებ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

"აქ ძალიან სერიოზული მიზნით ვართ. ძალიან სერიოზული, ძალიან. რაღაც კონტროლიდანაა გამოსული, მაგრამ მასზე კონტროლს ძალიან სწრაფად აღვადგენთ, როგორც სამხრეთით საზღვარზე. ისტორიულ ქმედებას ვაცხადებ, რათა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი დანაშაულისგან, სისხლისღვრისგან, აურზაურისგან, სიბინძურისგან და უარესებისგან დავიხსნათ. ეს ვაშინგტონის გათავისუფლების დღეა და ჩვენს დედაქალაქს დავიბრუნებთ. მას ვიბრუნებთ ჩემთვის, როგორც აშშ-ს პრეზიდენტისთვის, მონიჭებული უფლებამოსილებით. 

ოფიციალურად ვიხმობ კოლუმბიის ოლქის თვითმმართველობის აქტის 740-ე სექციას. იცით ეს რა არის. ვაშინგტონის მუნიციპალურ პოლიციის დეპარტამენტს პირდაპირ ფედერალურ კონტროლს ვუქვემდებარებ. [...]

ამასთანავე, ეროვნულ გვარდიას ვაგზავნი ვაშინგტონში სამართლის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენაში დასახმარებლად და მათ უფლება ექნებათ, რომ საკუთარი საქმე სათანადოდ შეასრულონ". - თქვა ტრამპმა. 

ტრამპმა ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტში ფედერალური მთავრობის საგანგებო რწმუნებულად აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) ხელმძღვანელი, ტერი კოული დანიშნა

ტრამპმა ასევე ქალაქში საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. 

კოლუმბიის ოლქის თვითმმართველობის აქტი აშშ-ს პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, რომ "საგანგებო ბუნების განსაკუთრებული პირობების არსებობის" შემთხვევაში ოლქის პოლიციის დეპარტამენტი ფედერალურ კონტროლს დაუქვემდებაროს.

აშშ-ს პრეზიდენტს ასევე აქვს უფლებამოსილება, რომ ქალაქში ეროვნული გვარდია ადგილობრივი მმართველობის ნებართვის გარეშე გაგზავნოს, თუმცა მათ ადამიანების დაკავება არ შეეძლებათ. 

ტრამპმა 48 საათის განმავლობაში კონგრესს წერილობითი დოკუმენტი უნდა გაუგზავნოს, რომელშიც პოლიციის დეპარტამენტზე კონტროლის დამყარების მიზეზები იქნება მოცემული. პრეზიდენტს უფლება ქვს, რომ დეპარტამენტი 30 დღის განმავლობაში ცალმხრივად აკონტროლოს, თუმცა ამ ვადის გახანგრძლივების უფლებამოსილება კონგრესს აქვს. 

ცოტა ხნით ადრე ტრამპმა პირობა დადო, რომ ახალ ზომებს მიიღებს ვაშინგტონში უსახლკაროებისა და კრიმინალის სახით არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად, რასაც ქალაქის მერის შეშფოთება მოჰყვა ქვეყნის დედაქალაქში ტრამპის მხრიდან ეროვნული გვარდიის გამოყენების შესაძლებლობის გამო. 

პრესკონფერენციამდე ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ დღეს ქვეყნის დედაქალაქი "გათავისუფლდება!" მისი თქმით, ვაშინგტონში "უდანაშაულო ხალხის დაუნდობლად მკვლელობებისა და მათთვის ზიანის მიყენების დღეებს" დაასრულებს. 

მანამდე, 10 აგვისტოს, აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ყურადღება გაამახვილა ვაშინგტონიდან უსახლკარო მოსახლეობის მოშორების აუცილებლობაზე: "უსახლკაროებმა [ვაშინგტონი] უნდა დატოვონ, დაუყოვნებლივ. ჩვენ ადგილებს მოგცემთ დასარჩენად, მაგრამ დედაქალაქიდან მოშორებით. კრიმინალებო, თქვენთვის არაა აუცილებელი წასვლა. ჩვენ ციხეში ჩაგსვამთ, სადაც თქვენი ადგილია." - დაწერა ტრამპმა. 

ამასთან, გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა ფედერალურ სამართალდამცავ სააგენტოებს ვაშინგტონში შვიდი დღით კონტინგენტის გაზრდა დაავალა, რაც შესაძლოა, "საჭიროებისამებრ გახანგრძლივდეს."

8 აგვისტოს კი აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და აშშ-ს მარშლის სამსახურმა 120-ზე მეტი ოფიცერი და აგენტი გაგზავნეს ვაშინგტონში სამართალდამცავი ორგანოებისთვის დახმარების გასაწევად. 

ამას გარდა, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ პრეზიდენტი ტრამპი განიხილავს დედაქალაქში ეროვნული გვარდიის განლაგებას. თუმცა, ვაშინგტონის დემოკრატმა მერმა, მიურიელ ბაუზერმა თავის მხრივ ეჭვქვეშ დააყენა ეროვნული გვარდიის გამოყენების ეფექტურობა ქალაქში კანონების აღსრულების მიზნით. სანაცვლოდ, ბაუზერის თქმით, აჯობებს, რომ ფედერალურმა მთავრობამ დაფინანსება გაზარდოს პროკურორებისთვის ან ვაშინგტონის უზენაეს სასამართლოში 15 ვაკანტური ადგილი შეავსოს. 

Associated Press-ის ინფორმაციით, პოლიციის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ერთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით წელს ვაშინგტონში ქურდობებისა და ყაჩაღობის შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. ასევე 26%-ითაა შემცირებული ზოგადად კრიმინალის მაჩვენებელიც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. 

თუმცა, გასულ კვირას ვაშინგტონში თავს დაესხნენ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ყოფილ თანამშრომელს, 19 წლის ედვარდ კორისტინს, როდესაც ორმა თავდამსხმელმა მისი მანქანის გაქურდვა სცადეს, რომელშიც კორისტინის მეგობარი ქალიც იმყოფებოდა. აღნიშნულ თავდასხმას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ აშშ-ს პრეზიდენტი და DOGE-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ილონ მასკიც.

პოლიციის მოხსენების მიხედვით, ოფიცრებმა დაახლოებით 10 "მოზარდი" დაინახეს, რომლებმაც მანქანა ალყაში მოაქციეს და კორისტინზე ფიზიკურად ძალადობდნენ, რის შემდეგაც პოლიციელები მანქანიდან გადმოვიდნენ, თუმცა მხოლოდ ორი მოზარდის დაკავება შეძლეს, დანარჩენები კი გაიქცნენ. 

მოგვიანებით ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ადგილობრივი "ახალგაზრდები და ბანდების წევრები, ზოგიერთი მხოლოდ 14, 15 და 16 წლის, განურჩევლად თავს ესხმიან, ძარცვავენ, აზიანებენ და ესვრიან უდანაშაულო მოქალაქეებს და ამავდროულად იციან, რომ თითქმის დაუყოვნებლივ გამოუშვებენ."

"თუკი ვაშინგტონი დროულად არ მოიქცევა წესიერად, ქალაქზე ფედერალური კონტროლის დამყარების გარდა სხვა არჩევანი არ გვექნება," დაამატა მან.

კომენტარები