ბოსნია-ჰერცეგოვინა

ბოსნიაში სერბთა რესპუბლიკის პრორუს ლიდერს პოლიტიკური თანამდებობა ჩამოართვეს

მილორად დოდიკი
EPA

6 აგვისტოს, ბოსნიის მთავარმა საარჩევნო ორგანომ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის პრორუსული განწყობების მქონე ლიდერს, მილორად დოდიკს პრეზიდენტის მანდატი ოფიციალურად გაუუქმა, მას შემდეგ, რაც მას ერთწლიანი პატიმრობა და პოლიტიკური საქმიანობის ექვსწლიანი აკრძალვა მიესაჯა.

დოდიკი ბოსნიის საერთაშორისო მშვიდობის ზედამხედველის, უმაღლესი წარმომადგენლის, განკარგულებების განზრახ დარღვევაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

დოდიკის დაცვის მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ბოსნიის სააპელაციო სასამართლოში აქვს, რომელიც საარჩევნო საჩივრებს განიხილავს. როგორც კი აპელაციის პროცესი ამოიწურება, გადაწყვეტილება ძალაში შევა.

ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ჩაბარება და დანებება არ არსებობს. დანებება ვარიანტი არ არის" - დაწერა დოდიკმა სოციალურ ქსელ X-ში.

გამოცემა Politico წერს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ აღასრულებს გადაწყვეტილებას, თუ დოდიკი მას არ დაემორჩილება, რადგან წლების განმავლობაში დოდიკი სერბული პოლიციის ძალებისთვის ხელფასებისა და იარაღის შესყიდვას ზრდიდა.


26 თებერვალს ბოსნიის სასამართლომ დოდიკს, რომლის წინააღმდეგაც გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს სანქციები მოქმედებს, ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და მას 6 წლით თანამდებობის დატოვება დაავალა გაეროს უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის.

დოდიკი ემხრობოდა ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც კონსტიტუციური სასამართლოსა და გაეროს უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებებს აუქმებდა. შმიდტის თანამდებობა 1995 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინაში ომის ხელახალი გაღვივების აღკვეთის მიზნით შეიქმნა.

გადაწყვეტილების პასუხად დოდიკმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ცენტრალურ სასამართლოს და ცენტრალურ პოლიციას რეგიონზე წვდომას უზღუდავს, რის გამოც სახელმწიფო პროკურატურამ მის წინააღმდეგ კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. 

12 მარტს, ბოსნიის პროკურატურამ დოდიკისა და ავტონომიური ერთეულის მთავრობის სხვა წევრების დაკავების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც ისინი სასამართლოში კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის საქმეზე არ გამოცხადნენ.

ასევე, დოდიკს არაერთხელ გაუკეთებია სეპარატისტული განცხადებები.

2021 წლის დეკემბერში დოდიკმა სერბთა რესპუბლიკის სეცესია სცადა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან, როგორიცაა სასამართლო, საერთო შეიარაღებული ძალები და საგადასახადო სისტემა. დოდიკმა, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ასევე შიშით, რომ უკრაინის კონფლიქტი ბალკანეთს გადაედებოდა, სეცესიისგან თავი შეიკავა. ის ამბობდა, რომ გეგმას აფერხებდა და არა უარს ამბობდა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოში გაერთიანებულია ორი პოლიტიკური ერთეული: სერბთა რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია, რაც 1995 წელს დეიტონის ზავის შედეგია, რომელმაც ბოსნიის ომი დაასრულა. 

ბოსნიის ომი 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, იუგოსლავიის ჯარების დახმარებით, სცადეს ეთნიკურად სუფთა ტერიტორიების შექმნა და სერბეთთან გაერთიანება. ამავეს ცდილობდნენ ბოსნიელი ხორვატებიც, ხორვატიის დახმარებით. 

ომი მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკ ხორვატებს შორის 1995 წელს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული დეიტონის შეთანხმებით დასრულდა. ზავის შედეგად, ერთ ქვეყანაში გაერთიანდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: სერბული უმრავლესობის სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია.

კომენტარები