აშშ

აშშ-ში ჯორჯიის შტატში სამხედრო ბაზაზე სერჟანტმა ცეცხლი გახსნა და 5 ჯარისკაცს ესროლა

აშშ-ს არმია via ABC News

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ფორტ სტიუარტზე 28 წლის ამერიკელმა სერჟანტმა, კორნელიუს რედფორდმა ცეცხლი გახსნა და ხუთ ჯარისკაცს ესროლა. ბრალდებული დაკავებულია.

ბრიგადირ-გენერლის, ჯონ ლუბასის თქმით, დაშავებულ ჯარისკაცებს ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მოსალოდნელია, რომ ისინი გამოჯანმრთელდებიან. სამ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდათ. 

"ეჭვგარეშეა, რომ ამ ჯარისკაცებმა დამატებითი მსხვერპლი და დაშავებულები აგვაცილეს თავიდან". - თქვა ლუბასმა. 

სროლის შედეგად სამხედრო ბაზა დროებით ჩაიკეტა. 

როგორც ირკვევა, რედფორდს თავდასხმისთვის არმიის ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია, არამედ საკუთარი პირადი პისტოლეტით გახსნა ცეცხლი. 

ჯერჯერობით მსროლელის მოტივი უცნობია. რედფორდმა ცეცხლი თავის სამუშაო ადგილზე გახსნა, თუმცა სამართალდამცავები მოტივის შესახებ წინასწარ ვარაუდს არ გამოთქვამენ. 

ამჟამად არმია სროლის შესახებ გამოძიებას ატარებს და დაზიანებების მასშტაბსა და მსროლელის მოტივს იკვლევს. ადგილზე ასევე აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) არის მობილიზებული და არმიას გამოძიებაში ეხმარება. 

Associated Press-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რედფორდის წინააღმდეგ არაფხიზელ მდგომარეობაში ტარებისა და წითელ შუქნიშანზე გავლის ბრალდებით საქმე არის აღძრული - მისი სასამართლო სხდომა 20 აგვისტოს ბაზასთან ახლოს მდებარე დასახლებაში, ჰინსვილში უნდა ჩატარებულიყო. 

ფონტ სტიუარტი მისისიპის მდინარის აღმოსავლეთით ყველაზე დიდი ამერიკული ბაზაა. 

კომენტარები