თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, გიორგი ახობაძის საქმეზე "სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი".
"2025 წლის 6 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით გიორგი ახობაძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
საქმის მასალების მიხედვით გიორგი ახობაძეს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი" - ნათქვამია განცხადებაში.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.





