საქართველოს პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას - მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 3,73133 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას "ალფაპევეპეს“ (α-PVP).
სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს" - აცხადებს პროკურატურა.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გიორგი ახობაძე 7-8 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.





