დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

Politico: აშშ-ს ტრანსპორტის მინისტრი მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აშენების გეგმას გამოაცხადებს

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ს ტრანსპორტის მინისტრი, შონ დაფი მიმდინარე კვირაში მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აგების გეგმას გამოაცხადებს, რაც NASA-ს დროებით ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. 

Politico წერს, რომ NASA-ს მთვარის ზედაპირზე რეაქტორის აშენების საკითხი წარსულშიც ჰქონდა განხილული, თუმცა გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდო გეგმის ფარგლებში ამჯერად პროექტისთვის კონკრეტული დრო განისაზღვრება. 

"ეს მეორე კოსმოსურ რბოლაში გამარჯვებას ეხება," განუცხადა გამოცემას NASA-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. 

Politico-ს მიხედვით, განკარგულება სააგენტოს ავალებს, რომ კოსმოსური ინდუსტრიისგან წინადადებების მიღება გამოაცხადოს 100-კილოვატიანი ბირთვული რეაქტორისთვის, რომელიც მთვარეზე 2030 წლისთვის გაიგზავნება. აღნიშნული პროექტი მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების დაბრუნების მთავარი ჩანაფიქრი იქნება.

გამოცემის ცნობით, NASA წარსულში მთვარეზე გამოყენებისთვის 40-კილოვატიანი რეაქტორის კვლევით პროექტს აფინანსებდა და რეაქტორის გასაგზავნად გამზადება 2030-იანების დასაწყისისთვის იგეგმებოდა. 

განკარგულებაში წერია, რომ პირველი ბირთვული რეაქტორის მქონე ქვეყანამ შესაძლოა, "აკრძალვის ზონა გამოაცხადოს, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს აშშ-ს."

Politico-ს მიხედვით, განკარგულება NASA-ს ასევე პროექტისთვის უფროსის დანიშვნას ავალებს, რათა 60 დღის განმავლობაში კოსმოსური ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართოს.

გამოცემის ცნობით, პროგრამის ფარგლებში სააგენტო ეძებს კომპანიებს, რომლებიც 2030 წლისთვის მთვარეზე რეაქტორის გაგზავნას შეძლებენ, რადგან სწორედ ამ პერიოდისთვის აპირებს ჩინეთი მთვარის ზედაპირზე პირველი ასტრონავტის გაშვებას. 

Politico-ს ინფორმაციით, NASA-ს დროებითი ხელმძღვანელი, შონ დაფი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ კიდევ ერთი განკარგულების ფარგლებში უფრო სწრაფად მოხდეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) ჩანაცვლება. აღნიშნული პოტენციური განკარგულება მიზნად დაისახავს, რომ მოძველებული საერთაშორისო კოსმოსური სადგური კომერციული კომპანიების მიერ მართულმა ახალმა სადგურმა ჩაანაცვლოს.

NASA-ს გეგმით, სააგენტო აპირებს, ტენდერის გამოცხადებიდან 6 თვის განმავლობაში ხელშეკრულება, სულ მცირე, ორ კომპანიას გაუფორმოს. ხოლო მაღალჩინოსნები კოსმოსში ახალი სადგურის გაშვებას ასევე 2030 წლისთვის იმედოვნებენ. სხვაგვარად, ჩინეთი ერთადერთი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ორბიტაზე მუდმივი ეკიპაჟის მქონე კოსმოსური სადგური ექნება განლაგებული მას შემდეგ, რაც დაახლოებით 2031 წლისთვის საერთაშორისო კოსმოსური სადგური ორბიტას მოწყდება და დედამიწისკენ დაიწყებს ვარდნას. 

კომენტარები