რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინული მედია: უკრაინამ რუსულ რადიოელექტრონიკის საწარმოზე იერიში მიიტანა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) რუსეთის ქალაქ პენზაში რადიოელექტრონიკის საწარმოზე დრონებით იერიში მიიტანა. აღნიშნული ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია.

სამიზნე რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია Ростех-ის შემადგენლობაში მყოფი ობიექტია. ეს საწარმო რუსეთის სხვადასხვა სახის საბრძოლო მართვის ავტომატიზებულ სისტემებს, ჯავშანტექნიკის მოდიფიცირებებსა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს აწარმოებს.

"СБУ-ს მონაცემებით დრონების თავდასხმის დროს არანაკლებ 11 აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც მასშტაბური ხანძარი დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ქარხნის ახალი საწარმოო კომპლექსი და საწყობი შენობები" - განუცხადა წყარომ Українська правда-ს.

მან ასევე დაამატა, რომ აღნიშნული ქარხანა საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება.

კომენტარები