2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველა პარტიამ ჯამში 7 592 948 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 87% - 6 573 370 ლარი ქართულმა ოცნებამ მიიღო. მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 6-ჯერ აღემატება სხვა ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულობას ერთად აღებულს (1 019 578 ლარი) - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო [TI] ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემომწირველებთან დაკავშირებულ 11 კომპანიას 422 მილიონი ლარის ტენდერები აქვთ მიღებული, 13 კომპანიას კი 71 მილიონი ლარის სუბსიდიები.
TI-ის შეფასებით, აღნიშნული აჩენს კითხვებს, ქართული ოცნების მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობაზე სისტემურ კორუფციაში - "მათთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ მრავალმილიონიან ტენდერებს და საბიუჯეტო სუბსიდიებს".
ორგანიზაციის ცნობით, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ქართული ოცნების შემოწირულებები აჭარიდან, განსაკუთრებით კი ივნისში. პარტიამ 3 თვეში აჭარიდან 2.6 მილიონი მიიღო.
TI-მ ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიების ტენდერები შეისწავლა, რომლის მიხედვითად:
შემოწირულებების პარალელურად მიღებული სახელმწიფო კონტრაქტები
- მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი მათ 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
- მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა 23-მა კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
- ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო მიღებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების ჯამური ღირებულება 185,447 ლარია.
შემომწირველები, როგორც სახელმწიფო სუბსიდიების მსხვილი ბენეფიციარები
- 2024 წლიდან, დონორებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი სოფლის მეურნეობის სუბსიდია მიიღო. სულ კი ამ კომპანიებს 71 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სუბსიდია აქვთ მიღებული.
- განსაკუთრებით თვალსაჩინოა ვახტანგ კარიჭაშვილის ბიზნეს-ქსელი, რომლის კომპანიებმაც 25 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, რაც 2024 წელს გაცემული აგროსუბსიდიების 13%-ს შეადგენს.
- ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას აგროსუბსიდია არ მიუღია.
შემოწირულებების ანომალიური ზრდა აჭარიდან
- აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ სამ თვეში რეგიონიდან პარტიას 2.5 მილიონ ლარზე მეტი შეწირეს. დროის ასეთ მონაკვეთში რეგიონიდან ასეთი დიდი ოდენობის შემოწირულება უპრეცედენტოა და აჩენს ეჭვს, რომ შემოწირულებები მესამე პირების მეშვეობითაა განხორციელებული რაც კანონდარღვევაა.
ხალხის ძალას ქართულ ოცნების ტრადიციული შემომწირველები აფინანსებენ
- პარტიას 190,000 ლარი შეწირეს, ყველა შემომწირველი გასულ წლებში ქართულ ოცნებას წირავდა თანხას და ჯამში 337,369 ლარი აქვთ მმართველი პარტიის ყულაბაში შეტანილი.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ამავე პერიოდში ლელომ 410 125 ლარის შემოწირულება მიიღო, ხოლო ივანიშვილის სატელიტმა პარტიამ ხალხის ძალა - 190 000 ლარი

ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.

"ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა 23-მა კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული. ცხრილ 2-ში იხილეთ დონორებთან დაკავშირებული ხუთი კომპანიის ჩამონათვალი, რომლებმაც 2024 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ღირებულების გამარტივებული კონტრაქტები მიიღეს.
ამავე პერიოდში დონორებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სოფლის მეურნეობის სუბსიდია მიიღო სულ კი ამ კომპანიებს 71 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სუბსიდია აქვთ მიღებული" - წერს ორგანიზაცია.

"ცალკე აღნიშვნას იმსახურებს საანგარიშო პერიოდში ქართული ოცნების შემომწირველების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აჭარის რეგიონიდან. ივნისში, ქართულ ოცნებას სულ 44 შემომწირველი ყავდა, რომლებმაც ჯამში 1 727 200 ლარი შეწირა, აქედან 39 შემომწირველი აჭარის რეგიონს წარმოადგენდა, რომლებმაც ჯამში 1 541 100 ლარი შეიტანეს პარტიის ყულაბაში (89%). ეს ყველაზე დიდი შემოწირულებაა რაც ერთი თვის ინტერვალში მიუღია ქართულ ოცნებას აჭარიდან. შემოწირულებების ზრდა, აპრილში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ დაიწყო და იმავე თვეში 545 000 ლარი შევიდა პარტიის სალაროში, ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა (505 020 ლარი), ხოლო პიკს, როგორც აღვნიშნეთ ივნისში მიაღწია. სულ სამ თვეში აჭარიდან პარტიამ 2,590,020 ლარი მიიღო. აღსანიშნავია რომ ამ სამი თვის განმავლობაში 62 შემომწირველიდან 39 მათგანმა პირველად განახორციელა შემოწირულება" - წერს ორგანიზაცია.
დონორთა ჯგუფებში შედის: დოლიძეების სამშენებლო ჯგუფი (მონოლითი 2005 და ბონდი-2009); შპს ნოვასთან დაკავშირებული ჯგუფი; უსანეთაშვილები და შპს არსაკიძე-2000; ბაგრატიონების ჯგუფი; ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებული ჯგუფი; ჯამბულ თავართქილაძე და იბერია-ჯ; რეალ პალასთან დაკავშირებული ჯგუფი; დავით ბერიაშვილი და არქმშენსერვისი; შპს აისბერგი 2-თან დაკავშირებული ჯგუფი; ლილო-მოლთან დაკავშირებული ჯგუფი; ქართუ ჯგუფთან დაკავშირებული შემომწირველები;
დონორების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.





