სენაკის მერია

სენაკში, მერის ყოფილი ბიზნესპარტნიორის მამის კომპანიამ 7 მლნ ლარის შესყიდვა მიიღო – TI

ვახტანგ გადელია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს [TI] ცნობით, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ყოფილი ბიზნესპარტნიორის მამის კომპანიამ შპს აფომ სენაკის მერიისგან 7 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების შესყიდვებ მიიღო. –

"შპს აფოსთვის, რომელსაც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ყოფილი ბიზნესპარტნიორის და მეგობრის, გიორგი აფაქიძის მამა, ამირან აფაქიძე ფლობს, ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სენაკის მერიაა. მხოლოდ ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, 2021 წლიდან დღემდე, შპს აფომ სენაკის მერიისგან 5 293 214 ლარის ღირებულების 20 ტენდერი და 1 821 626 ლარის 14 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

შპს აფო 2014 წელს დაფუძნდა და მისი ერთადერთი მფლობელი და ხელმძღვანელია ამირან აფაქიძე.  დაარსების დღიდან დღემდე კომპანია აქტიურად იმარჯვებს ტენდერებში. ამ პერიოდში მან ჯამში 13 060 144 ლარის ღირებულების 99 ტენდერი მოიგო, გარდა ამისა, 3 289 633 ლარის 42 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო. მოგებული ტენდერებიდან შპს აფოს 41-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 14 შესყიდვა კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო

ამირან აფაქიძის შვილის, გიორგი აფაქიძის ბიზნესპარტნირი იყო სენაკის დღევანდელი მერი, ვახტანგ გადელია. მათ 2017 წელს დააარსეს კომპანია სამშენებლო ჯგუფი. 2019 წელს ვახტანგ გადელიამ თავისი წილი უსასყიდლოდ გადასცა გიორგი აფაქიძეს და ამავდროულად შეიცვალა კომპანიის სახელიც - მას ვერტისოლი ეწოდა. შპს ვერტისოლიც აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში და შემსყიდველ ორგანიზაციებს ძირითადად ფარდა-ჟალუზებს აწვდის. 2018 წლიდან დღემდე კომპანიამ ჯამში 1 257 385 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო, ასევე მიიღო 265 557 ლარის ღირებულების 105 გამარტივებული შესყიდვაც." - წერს ორგანიზაცია.

გარდა ამისა, გიორგი აფაქიძემ 2025 წელს ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ანტიკორუფციულ ბიუროსა და პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ სენაკირ მერიის შესყიდვები და დაადგინონ შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.

კომენტარები