საქართველოში ფარიკაობის შეჯიბრის დროს გამართულ დემონსტრაციებს რუსეთის დუმის მორიგი დეპუტატი, სვეტლანა ჟუროვა გამოეხმაურა. ჟუროვა, რომელიც ციგურებით ჩქაროსნული სრიალის ოლიმპიური ჩემპიონია, რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიებს ესაუბრა.
ჟუროვამ დემონსტრანტებს გიჟები უწოდა. მისივე მტკიცებით, შესაძლოა ეს ადამიანები უკრაინელი გულშემატკივრები იყვნენ. დუმის დეპუტატი ირწმუნება, რომ მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის გაჩაღებაა.
"სპორტულ შეჯიბრებებს პროვოკაციის საბაბად იყენებენ - გიჟი ხალხია, თავს ასეთი ქმედებების უფლებას ოპოზიციონერები აძლევენ. გასამართ ადგილად თბილისის არჩევა დამთხვევა არაა. ცდილობენ შეგვატაკონ, ყველაფერი ქართველ ოპოზიციონერებს მიაწერონ. თუმცა შეკითხვა პასუხგაუცემელია: ვინ გააკეთა ეს - მათ, თუ უკრაინელმა გულშემატკივრებმა? დროშის დაწვა და პეტარდები დიახ, ხულიგნობა და არასწორი ქმედებაა. თუმცა მრავალ ქვეყანაში ასეთი ქმედება კანონსაწინააღმდეგოდ არ ითვლება. ეს უფრო იყო მცდელობა, შეექმნათ მორალური და ფსიქოლოგიური წნეხი. ჩვენი დაშინება უნდათ, რომ გვაჩვენონ, რომ აქ სახიფათოა, რომ ორგანიზატორები თავს ვერ ართმევენ და მიაღწიონ იმას, რომ რუსი სპორტსმენები აღარ ჩავიდნენ
ეს არის პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაც და ორგანიზატორების წინააღმდეგაც. ჩვენი სპორტსმენები არიან მამაცები და ეს მშვიდად უნდა მიიღონ. ეს საბავშვო ბაღივითაა, როცა ნაწნავს გწიწკნიან, ცდილობენ გამოიწვიონ რეაქცია. ჩვენთვის ყველასთვის უსიამოვნოა, დიახ, მაგრამ ეს არის ზემოქმედება მორალურ და პატრიოტულ დონეზე. მიზანი ერთია: საქართველოსთან კონფლიქტში ჩაგვითრიონ." - თქვა ჟუროვამ პროპაგანდისტულ РИА Новости-სთან საუბარში.
ჟუროვა ესაუბრა კიდევ ერთ პროპაგანდისტულ მედიას, ТАСС-საც.
"მე მაქვს ეჭვი, რომ უკრაინა ცდილობს საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს, რათა არანაირად არ დაგვიშვან, რადგან გაიგეს, რომ უსარგებლოა ზეწოლა საერთაშორისო ფედერაციაზე, არის გადაწყვეტილება, ჩვენები მაინც მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა გასაგებია, რომ ასე ჩვენ რომ მოვქცეულიყავით, ჩვენს გუნდს ეგრევე დასჯიდნენ. იტყოდნენ: თქვენს გულშემატკივრებს მოუარეთო. ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ილუზიები, რუსებს ნამდვილად წაუყენებდნენ პრეტენზიებს. რეზულტატთან ეს არანაირად არაა დაკავშირებული, სპეციფიკურად პოლიტიკური მოტივია... გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან სულელობაა ასეთი აქციების ჩატარება, ისინი ვერანაირ მიზანს ვერ აღწევენ. მაშინ საერთაშორისო ფედერაციამ უნდა თქვას, რომ ეს არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა... მართლაც არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, მიუღებელი სპორტული შეჯიბრებისთვის." - თქვა ჟუროვამ.
22 ივლისს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, რომელშიც სამხედრო წოდებების მქონე რუსი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 27 ივლისს, შეჯიბრების მსვლელობის დროს მოქალაქეებმა გამართეს დემონსტრაცია, რომლის დროსაც გაშალეს ანტისაოკუპაციო და უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი საომარი კამპანიის დამგმობი პლაკატები. დემონსტრაციას "რუსოფობიული" უწოდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოში არსებულმა რუსეთის ინტერესების სექციამ.





