24 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავს მიზნად.
ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფს ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობას და რუსეთის გავლენისა და ჩარევისგან ქვეყნის სამართლებრივ სისტემას იცავს. მან დოკუმენტს "დაბალანსებული" უწოდა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.
"ყველაზე მნიშვნელოვანია რეალური მექანიზმები, რუსულ კავშირებთან სრულად გამიჯვნა და NABU-სა და SAPO-ს დამოუკიდებლობა. კანონპროექტი დღესვე წარედგინება უკრაინის უმაღლეს რადას" - განაცხადა ზელენსკიმ.
ახალი კანონპროექტის განხილვის შემდეგ, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) განაცხადა, რომ დოკუმენტი "NABU-სა და SAPO-ს ყველა საპროცედურო უფლებამოსილებასა და დამოუკიდებლობის გარანტიებს აღადგენს".
უკრაინის ანტიკორუფციულმა სამოქმედო ცენტრმა (AntAC), რომელიც დამკვირვებელი ორგანიზაციაა, ასევე მხარი დაუჭირა ინიციატივას და განაცხადა, რომ ის "აღადგენს იმ პრინციპებს, რომლებიც მანამდე უმაღლესმა რადამ დაანგრია".
"ეს გამორჩეულად საოცარი უკრაინელების დამსახურებაა, რომლებმაც ბოლო დღეებში ხელისუფლებას აჩვენეს, რომ საკუთარი ევროპული მომავლის განადგურებას არ დაუშვებენ" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა თქვა, რომ კანონპროექტს მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, თუმცა უმაღლესი რადა ოფიციალურად აგვისტოს ბოლომდე შვებულებაშია.
სტეფანჩუკის თქმით, კანონპროექტი შესაძლოა განიხილონ "ბევრად უფრო მალე, ვიდრე ერთი თვეა".
22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.
ახალი კანონი, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ივლისს მიიღო, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში.
23 ივლისს ზელენსკიმ ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ორ კვირაში საზოგადოებას მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების ერთობლივ გეგმას წარუდგენდნენ.
"ჩვენ გვესმის, რას ითხოვს საზოგადოება. ჩვენ ვხედავთ, რისი მოლოდინი აქვთ ხალხს სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, უზრუნველყოფილი სამართალი და ყველა ინსტიტუტის ეფექტური ფუნქციონირება. ჩვენ განვიხილეთ ყველა აუცილებელი ადმინისტრაციული და სამართლებრივი გადაწყვეტილება, რაც გააძლიერებს ყველა ინსიტუტის მუშაობას გააძლიერებს, აღმოფხვრის არსებულ წინააღმდეგობებსა და საფრთხეებს" - თქვა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.





