რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

წინა სესიის გამოტოვების შემდეგ, ჰეგსეთი უკრაინაზე რამშტაინის შეხვედრას დაესწრო

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი
Ron Sachs / CNP

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მკაფიოდ შეცვლილი რიტორიკისა და უკრაინაში ომის დასამთავრებლად კრემლისთვის წაყენებული 50-დღიანი ულტიმატუმის შემდეგ, გერმანიაში 21 ივლისს გამართულ რამშტაინის ჯგუფის შეხვედრას აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთიც დაწესრო

შეხვედრა, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი 50-მდე სახელმწიფო იყო წარმოდგენილი, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და მას გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები უძღვებოდნენ წინ. 

აპრილის თვეში NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე ჰეგსეთი სატელეფონო ზარით ჩაერთო, მომდევნო შეხვედრა კი, რომელიც ივნისში შედგა, აშშ-ს თავდაცვის მინისტრა მთლიანად გამოტოვა. 

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, პენტაგონის სპიკერმა უარი თხვა რამშტაინის შეხვედრაზე ჰეგსეთის როლთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. თუმცა, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პრინციპის დაცვით გამოცემას განუცხადა, რომ აშშ "რამდენიმე ქვეყნისგან" მოელის ვალდებულების აღებას, რომ უკრაინისთვის გადასაცემად დამატებითი სამხედრო "შესაძლებლობები" შეისყიდონ, მათ შორის იარაღი, საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა. 

ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაძლიერებული საჰაერო იერიშების ფონზე, კიევი აშშ-სგან განსაკუთრებით Patriot-ის სისტემების მიყიდვაზე თანხმობას ითხოვდა. 

ხოლო მას შემდეგ, რაც აშშ-მ რუსეთს უკრაინაში ომის დასამთავრებლად 50-დღიანი ვადა მისცა, 21 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმებით, დასავლელი მოკავშირეები უკრაინისთვის 5 Patriot-ის სისტემას იყიდიან. 

დღეს ნორვეგიის პრემიერმინისტრმა იონას გარ სტიორემ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვა დააფინანსოს. ხოლო Bloomberg-ის მიხედვით, შეთანხმების ფარგლებში გერმანია უკრაინაში ორ ერთეულ Patriot-ის სისტემას გაგზავნის, აშშ კი დათანხმდება ზემოხსენებული სისტემების საკუთარი მარაგიდან ჩანაცვლებაზე, რის ხარჯსაც თავად გერმანია დაფარავს. 

ამ დრომდე გერმანიამ უკრაინას საკუთარი 12 ერთეული Patriot-ის სისტემიდან 3 უკვე მიაწოდა. ამის შემდეგ კი ბერლინმა ორი სისტემა პოლონეთსაც მიაწოდა, შედეგად კი მათ მარაგში ამჟამად მხოლოდ 7 Patriot-ის სისტემაა. წყაროს თქმით, ამის გამო ბერლინი მზადაა უკრაინას Patriot-ის სისტემები კვლავ მიაწოდოს, თუ აშშ სწრაფი ჩანაცვლების გარანტიას მისცემს.

კომენტარები