აშშ-ს ჰელსინკის კომისია ივანიშვილის რეჟიმის პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ქართული ოცნება საკუთარი კორუფციისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების დამალვას თავისუფალი მედიის ჩახშობით ცდილობს.
"ქართული ოცნება ცდილობს, თავისუფალი მედიის ჩახშობით თავიანთი კორუფცია და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულები დამალოს. მათ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გაჩუმება სცადეს, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იანვრიდან იმყოფება." - წერია განცხადებაში, რომელიც ჰელსინკის კომისიამ X-ზე გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, საიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საიამ სტრასბურგში საჩივარი 28 აპრილს გააგზავნა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
ამასთან, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 2 000 ლარით დააჯარიმეს.





