რუსული რეჟიმი

საფარი: CRC-მ ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის გასაჯაროების აღსრულება შეაჩერა

საფარი

არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის ინფორმაციით, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა (CRC) განიხილა არასრულწლოვანი ბენეფიციარის მიმართვა, დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და საქართველოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის გასაჯაროების, და გადაცემისგან ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროსთვის. 

"ერთადერთი შემთხვევა, როდესაც CRC-მ გამოიყენა დროებითი ღონისძიება საქართველოში, იყო ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბენეფიციარების საქმე.

მომხდარი ფაქტი უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი ქმნის სამართლებრივ პრეცედენტს: გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის სწრაფი რეაგირება გულისხმობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების შესაჩერებლად და, ამავდროულად, ხდება თვალსაჩინო, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და სამოქალაქო საზოგადოების დევნაზე თვალს არ ხუჭავს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 17 ივნისს, ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ, მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით, დაიწყო ანტიკონსტიტუციური პროცესების განხორციელება: ჩვენგან, უფლებადამცველი ორგანიზაციისგან, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოითხოვეს ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებზე არსებული სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის – მათ შორის სახელების, პირადი ნომრების, ფოტოების, საბანკო და სამედიცინო მონაცემების – გადაცემა.

ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ვთქვით, რომ საფარი არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს და მივმართავთ ყველა სამართლებრივ გზას უკანონო ბრძანებების შესაჩერებლად" - თქვა ბრიფინგზე საფარის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.

ზოგადად, გაეროს არ გააჩნია სამართლებრივი უფლებამოსილება, შეაჩეროს ან ძალადაკარგულად ცნოს სახელმწიფოს სასამართლო ბრძანებები. თუმცა, ინდივიდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს კომიტეტებისთვის მიმართვის გაგზავნა შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა დაშვებული იქნება, კომიტეტს განხილვის განმავლობაში გამოუსწორებელი ზიანის აღკვეთის მიზნით ე.წ. "დროებითი ღონისძიებების" მიღება შეუძლია სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციის სახით. ასეთი ღონისძიებები სახელმწიფოზე სამართლებრივ ვალდებულებებს არ აწესებს და როგორც წესი, მთავრობები ხშირად, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, ნებაყოფლობით ემორჩილებიან მათ. 

კომენტარები