პუტინის რუსეთი

რუსეთის ქვანახშირის ინდუსტრიაში კრიზისი ღრმავდება, კომპანიების მეოთხედს დახურვა ემუქრება

mechel.ru

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, დმიტრი ისლამოვმა 15 ივლისს განაცხადა, რომ ქვანახშირის მწარმოებელი კომპანიების მეოთხედზე მეტს დახურვა ემუქრება იმ ფონზე, როცა ქვეყნის ქვანახშირის ინდუსტრიაში არსებული კრიზისი ღრმავდება.

"ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 51 კომპანია - როგორც შახტური, ისე ღია მოპოვების კარიერი - ან შეჩერდა ან მუშაობის შეწყვეტის ზღვარზეა," განაცხადა მან ეკონომიკის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის ფედერაციული საბჭოს შეხვედრის დროს.

რუსულ და ინგლისურენოვანი დამოუკიდებელი გამოცემა Moscow Times წერს, რომ 2024 წლის დასაწყისში რუსეთში 179 ნახშირის მომპოვებელი საწარმო ოპერირებდა, მათ შორის 52 შახტური იყო, 127 კი - ღია მოპოვების კარიერი.

ისლამოვის თქმით, ქვანახშირის სექტორში დანაკარგებმა 2024 წლის ბოლოს 112.6 მილიარდი რუბლი ($1.44 მილიარდი) შეადგინა და დაამატა, რომ მიმდინარე წელსაც "სამწუხაროდ, მდგომარეობა გაუარესებას განაგრძობს."

გამოცემის ცნობით, მანამდე ენერგეტიკის სამინისტროს ქვანახშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, დმიტრი ლოპატინმა განაცხადა, რომ 112 მილიარდი რუბლის ($1.43 მილიარდი) ოდენობის დანაკარგი ინდუსტრიამ მიმდინარე წელს მხოლოდ იანვარი-მაისის პერიოდში ნახა. 

Moscow Times-ის მიხედვით, ინდუსტრიაში წლის ბოლომდე დანაკარგებმა შესაძლოა 300-350 მილიარდ რუბლს ($3.83-4.47 მილიარდი) მიაღწიოს, რაც რუსეთის ზოგიერთი დიდი რეგიონის წლიური ბიუჯეტის ტოლფასი ოდენობაა. 

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიხედვით, კრიზისს რამდენიმე მთავარი ფაქტორი იწვევს, მათ შორის, სესხების სახით კომპანიებში არსებული მაღალი ვალის მაჩვენებელი, რაც 1.2 ტრილიონ რუბლს ($15.34 მილიარდს) აღწევს, სუსტი მოთხოვნა საზღვარგარეთ, ქვანახშირის ფასების ოთხწლიან მინიმუმამდე ვარდნა და არახელსაყრელი გაცვლითი კურსი რუბლისთვის. 

კომენტარები