შვედეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას შვედეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე სერიოზული შეშფოთება გამოუხატეს.
ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენერგარდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ევროპის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და კაია კალასთან ერთად განცხადება საქართველოში ვითარების დამძიმების შესახებ გამოვაქვეყნე. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და დაკავება, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ თვითნებური დაკავებები და მზარდი რეპრესიები, საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რაც ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
პარასკევს, 11 ივლისს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა" - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტენერგარდი პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით 17 ევროპული ქვეყნის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ქართული ოცნების პოლიტიკური რეპრესიებსა და ავტორიტარულ კურსზეა საუბარი. აღნიშნული ქვეყნები ოცნებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რეპრესიული კანონმდებლობების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.





