სურსათის ეროვნული სააგენტო

ქობულეთში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოვავლინეთ – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტომ [სეს] ქობულეთის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს. გარდა ამისა, უწყების ცნობით, საწარმო სურსათს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა.

სეს-მა მეწარმე დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეაჩერა.

"ინდივიდუალური მეწარმე ი.ბ. (მისამართი: კლდიაშვილის ქ.18) ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.

ამავდროულად, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას (ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა. ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად,მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი" - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3 575 სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 31 არარეგისტრირებული  საწარმო.

კომენტარები