აშშ-BRICS

ტრამპი: თუ ინდოეთი BRICS-ის წევრია, მათაც 10%-იან ტარიფს დავუწესებთ

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ინდოეთს BRICS-ის წევრობის გამო, 10%-იან სავაჭრო ტარიფს დაუწესებს.

"მათ [ინდოეთს] 10 პროცენტის [ტარიფის] გადახდა მოუწევთ, თუ BRICS-ში იმყოფებიან, რადგან BRICS შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენთვის ზიანი მოეყენებინათ, დაესუსტებინათ ჩვენი დოლარი, და ის როგორც გლობალური სტანდარტი ჩამოეშალათ. თუ მათ სურთ ეს თამაში, პრობლემა არ არის - მეც შემიძლია ვითამაშო მათი თამაში. ასე რომ, ვინც BRICS-შია, ყველას დაეკისრება 10-პროცენტიანი გადასახადი. თუ ინდოეთიც იქაა, 10-პროცენტიანი ტარიფის გადახდა მათაც მოუწევთ" - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე დაამატა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ დოლართან ბრძოლას ცდილობენ, "მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ და არ მგონია, რომ რომელიმე მათგანი ამ ფასის გადასახდელად მზად იყოს".

მანამდე, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას შეუერთდებიან, აშშ დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

რიო-დე-ჟანეიროში BRICS-ის სამიტზე  წევრმა ქვეყნებმა აშშ-ს ტარიფები გააკრიტიკეს და ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშები დაგმეს. მათ სამიტზე ასევე გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეფორმის შეთავაზებები წარადგინეს. 

გარდა ამისა, სამიტის პლენარულ სხდომაზე ვიდეოჩართვის დროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ BRICS მსყიდველობის უნარის პარიტეტის მიხედვით მშპ-ს მაჩვენებლით ქვეყნების რიგ სხვა გაერთიანებებს, მათ შორის, დიდ შვიდეულსაც (G7) უსწრებს. 

6-7 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში BRICS-ის სამიტი ბრაზილიის თავმჯდომარეობით ტარდება. 

25 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაკავების ორდერის გამო, ბრაზილიაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე არ ჩავიდოდა.

კომენტარები