რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

WSJ: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ აშშ უკრაინას იმდენ იარაღს მიაწვდის, რამდენსაც შეძლებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Sven Hoppe/Pool via REUTERS

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო ზარისას უთხრა, რომ იგი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეჩერებაზე პასუხისმგებელი არ ყოფილა, რითაც მიანიშნა, რომ მზადაა, უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდება გაუგრძელოს. 

WSJ ლიდერებს შორის სატელეფონო ზარზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ 4 ივლისს გამართული ზარისას ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ მან ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს იერიშების შემდეგ პენტაგონს საბრძოლო მასალების მარაგების გადახედვა დაავალა, თუმცა შეიარაღების მიწოდების გაყინვაზე ბრძანება არ გაუცია. 

ზარის გამართვამდე ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ "ძალიან იმედგაცრუებული" იყო, რადგან მასთან "საერთოდ არანაირი პროგრესი" არ ჰქონდა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. 

ამასთან, გამოცემის წყაროების თქმით, ტრამპმა ზელენსკი დაამშვიდა, რომ აშშ უკრაინას იმდენ შეიარაღებას გაუგზავნის, რამდენის გამოყოფაც შეუძლია. მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას "დამატებით იარაღს გაუგზავნის," რადგან მათ "თავის დაცვა უნდა შეეძლოთ."

"ძალიან ძლიერი იერიშების ქვეშ არიან, დამატებითი შეიარაღების გაგზავნა მოგვიწევს, პირველ რიგში თავდაცვითი შეიარაღების, მაგრამ მათ ძლიერად არტყამენ." - დაამატა მან.

ტრამპის ნათქვამიდან მალევე პენტაგონის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ტრამპის მითითებით უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება უკვე დაიწყო. 

ცნობისთვის, 2 ივლისს, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა. 

მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სგან შეიარაღების ნაწილის მიწოდების დროებით შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და განმარტებისთვის ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბარს ითხოვენ. 2 ივლისს უკრაინამ ამერიკელი დიპლომატიც დაიბარა პენტაგონის გადაწყვეტილების განმარტების მიზნით. 

თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგის დროს ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და შეიარაღების მიწოდება ზოგადად არ შეუჩერებია, არამედ ცვლილება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევას ეხება და თავდაცვის დეპარტამენტი აშშ-ს პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების "ძლიერი ვარიანტების" გაზიარებას განაგრძობს. 

4 ივლისს ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან "ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი" საუბარი ჰქონდა. ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ ტრამპთან ზარი "საუკეთესო იყო" იმასთან შედარებით, რაც მას ტრამპთან აქამდე ჰქონია.

კომენტარები