"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - გავაერთიანოთ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად" - ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ციხიდან წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ოცნებას არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს ის".
ხაზარაძის თქმით, "შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი" გრძნობს, რომ "ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ ლელო გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ ჩვენ წინააღმდეგ". ხაზარაძე წერს, რომ "ეს კამპანია იქნება უშედეგო", ასევე, "მტერი და მოწინააღმდეგე მგონი ცნობილია ყველასთვის და ფოკუსი მათზე უნდა გასწორდეს".
მამუკა ხაზარაძის წერილს სრულად გთავაზობთ:
"ლელოს დაფუძნების ორი მთავარი მიზეზი არსებობდა - პირველი, დაგვემარცხებინა ქართული ოცნება, რომელიც აშკარად რუსულ პოლიტიკას ატარებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და მეორე, დაგვერღვია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქოცურ-ნაცური მოცემულობა და შანსი მიგვეცა ე.წ. შუა ამომრჩევლისთვის თავისი ხმის რეალიზაციაში, ქვეყნის განვითარების საქმეში.
ამ განვლილი წლების განმავლობაში ლელო და მისი გუნდი სულ პროტესტის წინა ხაზზე იდგა. ლელო პირველივე დღეებიდან იყო ინიციატორი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებისა და ამისათვის სხვადასხვა დროს მრავალი ინიციატივა და ძალისხმევა გამოიჩინა. მათ შორის, ისეთი ნაბიჯებიც გადადგა ერთობის სასარგებლოდ, რამაც საკუთარი ამომჩევლის გულისწყრომა და ზოგ შემთხვევაში დაკარგვაც კი გამოიწვია. ( 2021 წლის მერის არჩევნები ამის ერთ-ერთი მაგალითია). მიუხედავად ამისა, ლელო სულ იდგა და ახლაც დგას ერთიანობის მომხრედ და ინიციატორად.
სამწუხაროა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ, ჩვენს მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებას არ მოჰყვა ე.წ. ალტერნატიული პარლამენტის, ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ნორმალური კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.
სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოლიდერმა სატელევიზიო ბრიფინგებით კომუნიკაცია გადაწყვიტა ჩვენთან, რომელსაც დაუფარავად, პერიოდულად ბულინგის ელემენტებიც ახლდა. მე არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ვინმემ, რომ შესაძლებელია ჩვენზე ასეთი ფორმით ზემოქმედება?! როგორც ჩანს, სულ დიალოგისა და ერთმანეთისკენ მოწოდება ვიღაცამ ჩვენს სისუსტედ ჩათვალა.
აქვე, მკაფიოდ ვიტყვი - რბილად რომ ვთქვა, სამწუხაროა ეს მოცემულობა და ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა!
ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა! ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო და არის უპირველესი - ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქამდე კი, გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოცნებას არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს იგი. ქართველების ბრძოლა სწორედ უთანასწორო ბრძოლებითაა ცნობილი. სწორედ ასეთი უთანასწორო ბრძოლებით იქნა შენარჩუნებული ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობა. ეს პროცესია და არა ერთჯერადი აქტი, როცა გავიღვიძებთ და ყველაფერი შეცვლილი დაგვხვდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.
ბრძოლა და ერთობა, და რაც მთავარია, მოყვასის, პარტნიორის და მოწინააღმდეგის გარჩევა უნდა ვისწავლოთ. შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი ვგრძნობ, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ ლელო გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ ჩვენს წინააღმდეგ. მეგობრულად მოგმართავთ, ეს კამპანია იქნება უშედეგო... ასევე, მტერი და მოწინააღმდეგე მგონი ცნობილია ყველასთვის და ფოკუსი მათზე უნდა გასწორდეს!
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - გავაერთიანოთ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად. ნუ მივცემთ ოცნებას ყველა დონეზე სისტემური ჩაბეტონების საშუალებას! წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით, რომლის სარეალიზაციო გეგმის შედეგი სრულიად ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერ მოვისმინე, რა ხდება 4 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, გარდა ოცნების უფრო გაძლიერებისა.
ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენა არის გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი! თქვენი მამუკა ხაზარაძე. საკანი 208" - ნათქვამია წერილში.
აღსანიშნავია, რომ 30 ივნისს რვა პროდასავლურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და ფედერალისტები უარს ამბობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
ამასთან, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა 43.3% არჩევნების უპირობო ბოიკოტის მომხრეა, 26.2% კი ამბობს, რომ პარტიებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა, თუ მანამდე, ან მასთან ერთად ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ამავე კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მომხრეა თბილისელების 47.4%. აქედან 29.3% უპირობოდ, ხოლო 18.1%-ის აზრით, პარტიებმა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში უნდა განიხილონ.
კვლევიდან ამონარიდი იაგო კაჭკაჭიშვილმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამოკითხეს 2 000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. საველე სამუშაოები დასრულდა 30 ივნისს.





