2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

8 ოპოზიციური პარტია უარს ამბობს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

პროდასავლური პარტიები: თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და ფედერალისტები უარს ამბობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

ერთობლივი განცხადება დღეს, 23 ივნისს რუსთაველის გამზირზე დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო საზოგადოებას:

ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ:

1. უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს;

2. ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული.

გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. ბოლომდე!

"ამ სულისკვეთებით და ამ მიდგომით მე ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას" - თქვა ხოშტარიამ, რომელიც კოალიციის ერთადერთი ლიდერია, ვინც ამჟამად თავისუფალია. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო საპატიმროში არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე. 

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ბოიკოტი არის თანმიმდევრული გზა, თანმიმდევრულობა კი ძალაა.

"ჩვენთვის, ფედერალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სწორი გზით ვიაროთ. სწორი გზა არის ის, რამაც რეჟიმი ამ ზომამდე მიიყვანა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყოველდღე კარგავს თავის წევრებს და ერთმანეთს ჭამს. ამ დროს ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი არის სწორ გზაზე ძალისხმევის გაერთიანება.

ეს სწორი გზა არის რეჟიმის იზოლაცია და მისი მარტო დატოვება, არაღიარება ყველა დონეზე: საერთაშორისო დონეზე, ეროვნულ დონეზე და ადგილობრივ დონეზე.

ამიტომ ჩვენ, ფედერალისტები ვუერთდებით ბოიკოტს იმიტომ, რომ ეს თანმიმდევრული გზაა და თანმიმდევრულობა არის ჩვენი ძალა" - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

"მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმს უნდა, გვნახოს დაქსაქსული და ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. ამიტომ, გამარჯვებისთვის და წინააღმდეგობის მოძრაობისთვის მთავარია, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ერთიანობას, ვართ ამ ერთიანობაში.

ვითხოვთ კიდევ ერთხელ, ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის, ლიდერების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" - თქვა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.

"მნიშვნელოვანია, შემოგვიერთდეს სხვა პოლიტიკური პარტიები, ვინაიდან კიდევ ერთხელ განვმეორდები, რეჟიმთან ბრძოლის ხაზი გადის თანმიმდევრულობაში და პრინციპულობაში" - თენგიზ თევზაძე, ახალი.

"დროა, ამ ბრძოლაში შემოგვიერთდეს ყველა დანარჩენი პოლიკური პარტია და ბოლომდე, არაღიარების პოლიტიკა მივიყვანოთ ბოლომდე! ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ამ რეჟიმს დაასრულებს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე მათ წაროუდგენიათ და ცოტა ალბათ უფრო გვიან, ვიდრე ჩვენ გვინდა, მაგრამ აუცილებლად დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით" - აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი.

"ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმისათვის, რომ ქართველ ერს, საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს. ეს არის თავისუფალ, ევროპული ტიპის დემოკრატიაში ცხოვრება, სახელმწიფოს დაბრუნება და ამ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის საბოლოო დამკვიდრება. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს" - თქვა თავისუფლების მოედნის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ.

კომენტარები