რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რესპუბლიკელი კონგრესმენი უკრაინის დახმარების საკითხზე თეთრი სახლისგან ბრიფინგს ითხოვს

აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი

აშშ-ს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან ფიცპატრიკმა თეთრ სახლს წერილით მიმართა, რომელშიც იგი თეთრი სახლისგან და თავდაცვის დეპარტამენტისგან დაუყოვნებლივ ითხოვს საგანგებო ბრიფინგის გამართვას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა. 

კონგრესმენი ფიცპატრიკი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინისთვის დაპირებული კრიტიკული მნიშვნელობის თავდაცვითი საბრძოლო მასალების მიწოდების შეწყვეტაზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით.

იგი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბოლო დღეებში უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე დიდი საჰაერო იერიში წამოიწყო და ერთ კვირაში სამოქალაქო სამიზნეებისკენ 500-მდე საბრძოლო მასალა გაუშვა.

ფიცპატრიკის თქმით, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სხვადასხვა დანიშნულების რაკეტები, "უკრაინას საშუალებას აძლევს, ეფექტური წინააღდეგობა გაუწიოს რუსეთის თავდასხმით იერიშებსა და შეზღუდოს ადამიანების სიცოცხლის დანაკარგი."

"მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ესაჭიროება თავდაცვითი სამრეწველო ბაზის გაძლიერების გაგრძელება, ჩვენ შეგვიძლია და ამავდროულად უნდა მივაწოდოთ დაუყოვნებლივ საჭირო დახმარება ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც თავიანთ თავისუფლებას სასტიკი თავდამსხმელი დიქტატორებისგან იცავენ." - წერს კონგრესმენი ფიცპატრიკი ტრამპისთვის მიწერილ წერილში. 

ცნობისითვის, დღეს, 2 ივლისს, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა. 

NBC News წერდა, რომ Patriot-ის სისტემების გარდა უკრაინას დროებით აღარ გედაეცემა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, 100-ზე მეტი Hellfire-ის ტიპის რაკეტა, GMLRS-ის სისტემებისთვის 250-ზე მეტი საბრძოლო მასალა,"მიწა-ჰაერის" კლასის  Stinger-ის ტიპის ათეულობით რაკეტები, "ჰაერი-ჰაერის" ტიპის საჰაერო მიზნის გზაგადამჭრელი რაკეტები და ყუმბარსატყორცნები. 

Politico კი წერდა, რომ გადაწყვეტილება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ პენტაგონის საბრძოლო მასალის მარაგის შემოწმების შემდეგ არტილერიის ჭურვების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებისა და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის შემცირებაზე შეშფოთებების გამო მიიღო. 

მედიისთვის გაგზავნილ განცხადებაში თეთრი სახლის სპიკერმა, ანა კელიმ ცნობები დაადასტურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-ს მხრიდან "მსოფლიოს გარშემო სხვა ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისა და მხარდაჭერის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახედვის შემდეგ ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად". 

მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სგან შეიარაღების ნაწილის მიწოდების დროებით შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და განმარტებისთვის ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბარს ითხოვენ.

"უკრაინულმა მხარემ აქამდე გამოყოფილი აშშ-ს სამხედრო დახმარების პაკეტების გარკვეული ნაწილის მიწოდების შეჩერებაზე განცხადებას ყურადღება მიაპყრო და პარტიების მიწოდების აქტუალურ ფაქტობრივ მდგომარეობას არკვევს". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები