უკრაინა

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა

facebook.com Metropolitan.Onufriy

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს, ორესტ ბერეზოვსკის, იგივე მიტროპოლიტ ონოფრეს, რუსეთთან კავშირების გამო მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) აცხადებს, რომ მიტროპოლიტმა ონოფრემ 2002 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, თუმცა ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებისთვის არ შეატყობინა და უკრაინის "მოქალაქეობის სტატუსით სარგებლობას განაგრძობდა". 

СБУ ხაზს უსვამს, რომ მიტროპოლიტი ონოფრეს აზრით, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კავშირები შეინარჩუნოს მოსკოვის საპატრიარქოსთან, რომლის წარმომადგენლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას მხარს ღიად უჭერენ. მათივე ცნობით, მიტროპოლიტი შეგნებულად მოქმედებდა და ცდილობდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქოსგან კანონიკური დამოუკიდებლობა ვერ მოეპოვებინა.

"სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, ბერეზოვსკი (ონოფრე) ფაქტობრივად აგრძელებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკისა და მისი ხელმძღვანელობის, კერძოდ კირილის (გუნდაევის) მხარდაჭერას". - წერია СБУ-ს განცხადებაში.

უკრაინის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნებაყოფლობით მიღების შემთხვევაში პირს უკრაინის მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას.

უკრაინის ტერიტორიაზე ორი მართლმადიდებელი საპატრიარქო მოქმედებს: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქო და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – კიევის საპატრიარქო, რომელმაც ავტოკეფალია 2019 წელს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მაისში კიევში გაიმართა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება და რუსეთის საპატრიარქოსგან სრული დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა გამოცხადდა. თუმცა ამ ეკლესიას ავტოკეფალია არ მოუთხოვია. ამას გარდა, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოიხატა აზრთა სხვადასხვაობა პატრიარქი კირილის პოზიციების მიმართ. 

კომენტარები