აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატმა კონგრესმენმა გრეგორი მიკსმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა, რომელიც ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეცაა, წარადგინეს ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობს და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე მათ სამშობლოში რეპატრიაციას მოითხოვს.
უკრაინის მონაცემებით, 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა 19 500 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა ან იძულებით გადაასახლა. კიევის ცნობით, ბავშვების დეპორტაცია რუსეთში, ბელარუსში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე მოხდა.
ამასთან, რეზოლუციის სენატისეული ვერსია სენატორებმა ჩაკ გრასლიმ და ემი კლობაშარმა წარადგინეს.
"ამ ბავშვებს თავიანთი ეროვნული იდენტობა წაართვეს, რუსულ ოჯახებში გააშვილეს ან მათი კრემლის ჯარისკაცებად ინდოქტრინაცია მოხდა," განაცხადა კონგრესმენმა მაკკოლმა.
"რუსეთის მიერ ბავშვების მასობრივი გატაცება ბოროტების გარდა არაფერია; აშშ-მ უნდა აჩვენოს მორალური წინამძღოლობა, ყოველი ბავშვის უკრაინაში თავიანთ ოჯახში დაბრუნების მოთხოვნით, სანამ რეალური მშვიდობა იქნება მიღწეული." - დაამატა მან.





