პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით ნარკოპოლიტიკის შესახებ საკაონონმდებლო ცვლილებები მიიღეს.
ოცნების კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საბითუმო რეალიზაციის და ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის უფლება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე იმ იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის განხორციელების უფლება მიანიჭოს სხვა იურიდიულ პირს.
კანონპროექტით, ასევე განსაზღვრულია, რომ ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელენბაც მხოლოდ მთავრობის უფლებამოსილება გახდება, ხოლო კერძო სუბიექტებს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად ეკრძალებათ.
ივანიშვილის დეპუტატის, ლადო კახაძის თქმით, კანონმდებლობის გამკაცრება მიზნად ისახავს, რომ სახელმწიფო "ნარკოტიკებს გზაზე გადაეღობოს".
"მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ყველამ კარგად უწყოდეს, რას ისახავს მიზნად ეს ცვლილებები. ორ ჯგუფად არის დაყოფილი ადამიანები, ერთნი, ვინც უკვე არიან ამ პრობლემაში, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. [...] ეს არის ქრონიკული დაავადებისთვის დამახასიათებელი და ასეთ ადამიანებს სახელმწიფო ზურგს არ შეაქცევს, ყველაფერს გააკეთებს მათ სამკურნალოდ და მეორე დიდი ჯგუფი არის ძალიან დიდი ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ჯერ ამ პრობლემაში არ არიან და ღმერთმა ნუ ქნას ისინი აქ აღმოჩნდნენ, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომ ამ ახალგაზრდებისთვის გზაზე გადავეღობოთ ნარკოტიკებს, ამას ისახავს მიზნად კანონმდებლობის გამკაცრება იმ მიმართულებით, რომელსაც სახელმწიფომ უკვე მწვანე შუქი აუნთო - დამზადება, გადაზიდვა, დისტრიბუცია, მოხმარებაში ხელის შეწყობა და უამრავი სიბინძურე, რაც ახასიათებს ამ მანკიერებას". - თქვა კახაძემ.





