ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
მაია მწარიაშვილის თქმით, მაათ მიერ საქმეში წარდგენლი დოკუმენტები, ასევე, ამაღლობელის დაკავებამდე არსებული სამედიცინო დოკუმენტები და დაკავების შემდგომ, კლინიკა ვივამედში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელს მხედველობასთან დაკავშირებით "ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს".
როგორც ადვოკატი ამბობს, ამაღლობელს დაკავებამდე, ცალ თვალში მხედველობა 2%-მდე ჰქონდა, ხოლო "შედარებით ჯანსაღ თვალში" 30%-მდე.
"მისი დაავადებაა - კერატოკონუსი, რომელიც ძალიან ცუდი, მძიმე და პროგრესირებადი თვალის დაავადებაა, ამ დაავადების გამო დაკავებამდეც კი, მას ცალ თვალში მხედველობა ჰქონდა მხოლოდ 2%, მეორე, ასე ვთქვათ, შედარებით კარგ თვალში, სულ 30% და იყო შანსი, რომ სათვალით გაზრდილიყო ეს მხედველობა 90%-მდე.
ვივამედის თებერვლის კვლევით, მისი ამ შედარებით ჯანმრთელი თავლის მხედველობა 10%-მდეა დასული, რომელიც შესაძლებელია სათვალის გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ 40%-მდე გაიზარდოს, მეტი არა.
ამასთან, ეს კერატოკონუსი, რომელიც მას მხოლოდ ერთ თვალზე ჰქონდა, ასევე სახალხო დამცველის მიერ შედგენილი კომისიის დასკვნის თანახმად, აქვს უკვე ორივე თვალზე - მას შემდეგ, თებერვლის შემდეგ, არავინ არ იცის როგორია მისი ამ თვალის მდგომარეობდა.
თავად ეს მოცემულობაც თებერვლის, არის ძალიან მძიმე, მას მერე [მზია ამაღლობელს] არც რაიმე კვლევა ჩაუტარებია ამ თვალსაზრისით და არც რაიმე მკურნალობა.
თავიდანვე, ვინაიდან მზიას არ უნდოდა რომ ჩვენ მეტი ხაზგასმით გვესაუბრა მის ჯანმრთელობაზე, არც მაშინ, როდესაც ის შიმშილობდა, არასოდეს ასე აქცენტირებას არ ვაკეთებდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ არის რაღაც საზღვარი.
ჩვენ თუ არ მივუთითეთ ამ დოკუმენტებზე ასე ხაზგასმით სასამართლოს და ბრალდებას, ისინი არასოდეს არ ნახავენ ამ დოკუმენტებს და არასოდეს არც საზოგადოებას არ ეცოდინება სინამდვილეში რა მძიმე მდგომარეობა აქვს მას". - თქვა ტვ პირველის ეთერში საუბრისას მაია მწარიაშვილმა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.





