ევროპულმა საბჭომ 26 ივნისის შეხვედრაზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერი წინადადება ვერ მიიღო – ბლოკის 27 წევრი სახელმწიფოდან წინადადების წინააღმდეგ ხმა 1-მა წევრმა, უნგრეთმა მისცა.
მარტში უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მარტში განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმს ჩაატარებდა.
ევროპული საბჭოს სამიტის წინ უნგრეთის მთავრობამ "რეფერენდუმის" შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ გამოკითხულთა 95%-მა, რაც ქვეყნის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ 29%-ს შეადგენდა, რეფერენდუმში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უნგრეთს ოპოზიცია ორბანის რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებდა. უმსხვილესი ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმა, პიტერ მაგიარმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი წარუმატებელი იყო, ხოლო მასში მონაწილეობა სინამდვილეში დაახლოებით 600 000-მა ადამიანმა მიიღო.
აღნიშნულ რეფერენდუმში ხმის დასარეგისტრირებლად, უნგრელმა მოქალაქეებმა "ბიულეტენი" მთავრობისგან ფოსტით მიიღეს. ბიულეტენს თან ახლდა პრორუსული განწყობების მქონე ორბანის წერილი, რომელიც მოქალაქეებს EU-ში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ მიცემისკენ მოუწოდებდა.
ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტს "მტკიცედ დაუჭირა მხარი" 27 სახელმწიფოდან 26-მა. ევროკავშირის ყოველმა წევრმა, გარდა უნგრეთისა, გაიმეორა მხარდაჭერა უკრაინის "თანდაყოლილი უფლების მიმართ, განსაზღვროს საკუთარი ბედი" და ქვეყნის "გზისადმი, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ".
"ევროპული საბჭო უკრაინას აქებს გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების გატარების ტემპის გამო, რომელიც ყველაზე რთულ პირობებში მიმდინარეობს; მიესალმება მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა და უკრაინასა და [ევროპულ] კომისიას გაწევრიანების პროცესში მუშაობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს". - აღნიშნულია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაითვალისწინებენ ევროპული კომისიის შეფასებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა მზადაა, გატარებული რეფორმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. თუმცა გაწევრიანების ფორმალური მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შეიძლება, დაიწყოს, როცა ამაზე თანხმობას ბლოკის 27-ვე წევრი განაცხადებს.
უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მალევე შეიტანა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა მის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. კანდიდატის სტატუსი მას 2022 წლის აპრილში მიენიჭა.
როგორც ევროკავშირის წევრს, უნგრეთს ვეტოს უფლება აქვს შემდგომ პროგრესზე.
ორბანის თქმით, მან რეფერენდუმში EU-ში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა და საჯაროდ ფოტოებიც კი გააზიარა, რომელშიც ბიულეტენში "წინააღმდეგ"-ს უთითებს. წლის დასაწყისში უნგრეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირში კიევის გაწევრიანება უნგრეთს "გაანადგურებდა".





