NATO-რუსეთი

NATO-ს მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდას რუსეთის უსაფრთხოებაზე გავლენა არ ექნება – ლავროვი

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, NATO-ს გადაწყვეტილებას, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რუსეთის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. 

NATO-ს წევრი სახელმწიფოები 25 ივნისს შეთანხმდნენ, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის ეკვივალენტამდე გაზრდიან. მიზეზად ალიანსი რუსეთისგან წამოსულ გრძელვადიან საფრთხეს ასახელებს. 

"რაც შეეხება ამ 5%-იანი მიზნის გავლენას ჩვენს უსაფრთხოებაზე, არ ვფიქრობ, რომ ის რაიმე მხრივ მნიშვნელოვანი იქნება". - თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე საუბრისას. 

"ჩვენ ვიცით ის მიზნები, რომელთა შესრულებასაც ვცდილობთ, ჩვენ არ ვმალავთ მათ, ღიად ვაცხადებთ, ისინი აბსოლუტურად კანონიერია გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ნებისმიერი ინტერპრეტაციის გადმოსახედიდან და ჩვენ ვიცით, რა საშუალებებით შევძლებთ ამ მიზნების მიღწევას ყოველთვის". - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

25 ივნისს ჰააგაში გამართულ სამიტზე NATO-ს წევრი სახელმწიფოები 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-დან 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. ეს გადაწყვეტილება განაპირობა როგორც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებამ ევროპის ქვეყნებისადმი, ალიანსის საერთო თავდაცვის ხარჯების მეტი წილი აეღოთ საკუთარ თავზე, ისე მზარდმა საფრთხემ – რუსეთის სახით. 

რუსეთი, რომელიც წლიური ბიუჯეტის 40%-ზე მეტს ხარჯავს თავდაცვასა და უსაფრთოხებაში, NATO-ს წევრ სახელმწიფოებზე თავდასხმის განზრახვას უარყოფს. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის "ჯოჯოხეთის ნაშიერად" წარმოჩინებაში დაადანაშაულა, რათა საკუთარი "შეუზღუდავი მილიტარიზაცია" გაამართლოს. 

კომენტარები