ჩორჩანას საქმე

სიჭინავა: გახარია მზადაა, კომისიაზე ისაუბროს ჩორჩანას საკითხზე 2 ივლისსაც დისტანციურად

პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანის, ბერდია სიჭინავას თქმით, გიორგი გახარია მზადაა, 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს წულუკიანის კომისიაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. 

სიჭინავა ბრიფინგზე ამბობს, რომ ოცნების რეჟიმი გახარიას უკერავს ბინძურ საქმეს, რომელიც 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

"ე.წ. კომისიამ მისი მუშაობის მანძილზე პირველად, თავად განაცხადა უარი მოესმინა გიორგი გახარიასთვის, როცა სხვებს ამის შესაძლებლობას აძლევს. ცხადი ხდება, რომ შეშინებული და არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი ოცნება“ თავად გაურბის "ჩორჩანაზე“ საჯაროდ საუბარს, რადგან ცხადი გახდება ვინ ღალატობს ქართულ, ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებაც დასტურია, რომ მათ არ სურთ ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას მოუსმინონ. 2 ივლისსაც მზაობას ვაცხადებთ დისტანციურად ვისაუბროთ ჩორჩანაზე.

გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ამაყობს ჩორჩანას საქმით. ეს არ არის მხოლოდ გიორგის გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკური ვენდეტა, ეს არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რა დროც არ უნდა გავიდეს, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ვერავინ შეძლებს "ჩორჩანას“ საქმიდან გაქცევას და დამალვას, ვერცერთი კომისია, ცრუ მოწმე თუ სამართალდამცავი" - თქვა სიჭინავამ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას წულუკიანის კომისია განმეორებით 2 ივლისს დაიბარებს - ამის შესახებ კომისიაზე ივანიშვილის წარმომადგენლებმა გახარიას გამოუცხადებლობის გამო იმსჯელეს და მისთვის, კომისიის მუშაობის ვადებიდან გამომდინარე, მაქსიმალური თარიღის შეთავაზება გადაწყვიტეს. 

გახარია კომისიაზე მეორედ დღეს, 23 ივნისს იყო დაბარებული. 

გახარია, პარტიის განცხადებით, საქართველოში არ იმყოფება და კომისიაზე მისვლას ვერ შეძლებდა, თუმცა მზად იყო სხდომაზე დისტანციურად გამოკითხვისთვის.

14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშრებით იკითხება.

კომენტარები