ირან-ისრაელის კონფლიქტი

NYT: ხამენეიმ პოტენციური მემკვიდრეები დაასახელა იმ შემთხვევაში, თუ მას მოკლავენ

აიათოლა ალი ხამენეი

გამოცემა New York Times სამ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მის პოტენციურ მემკვიდრედ სამი კანდიდატი დაასახელა იმ შემთხვევაში, თუ მას მოკლავენ. 

NYT-ის ინფორმაციით, ხამენეის სურს, უზრუნველყოს, რომ მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევაში ძალაუფლება მის მემკვიდრეს სწრაფად და უპრობლემოდ გადაეცეს.

ირანის კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი ლიდერის სიკვდილის შემთხვევაში, საჭიროა 88-წევრისგან შემდგარი ექსპერტთა ასამბლეის მოწვევა, რომელმაც უზენაესი ლიდერის მემკვიდრე უნდა აირჩიოს. აღნიშნული პროცედურა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მხოლოდ ერთხელ, 1989 წელს გამოიყენეს, როდესაც ასამბლეამ ხამენეი აირჩია. 

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესამჩნევად მწვავე რიტორიკა მიმართა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აშშ-მ და ისრაელმა იციან, თუ სად იმალება ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. ამასთანავე, ტრამპმა ირანს "უპირობო დანებებისკენაც" მოუწოდა.

"ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ირანის ე.წ. "უზენაესი ლიდერი", ის მარტივი სამიზნეა – არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე 17 ივნისს. 

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი "თანამედროვე ჰიტლერია," რომელმაც "არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს".

კაცი ამბობდა, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) საომარ მიზნებში შედის, რომ "ამ კაცმა [ხამენეიმ] არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს".

ხოლო ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხამენეის მკვლელობა არ გამორიცხა და თქვა, რომ ისრაელის დარტყმებისგან "იმუნიტეტი არავის აქვს". 

კომენტარები