თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა 19 ივნისს განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში აშშ-ს ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს.
"იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ არსებობს მოლაპარაკებების ხელშესახები შანსი, რომელიც შესაძლოა შედგეს ან არ შედგეს უახლოეს მომავალში, მე ჩემს გადაწყვეტილებას, ჩართვა-არ ჩართვაზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ," - ციტირებს ტრამპს თეთრი სახლის პრესმდივანი.
ლივიტმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტრამპი დაინტერესებულია ირანთან ბირთვული პროგრამის საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრით, თუმცა დაამატა, რომ პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტია, უზრუნველყოს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ვერ მოიპოვოს.
მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში ირანს უნდა აეკრძალოს ურანის გამდიდრება და განადგურებული უნდა იყოს თეირანის უნარი, შექმნას ბირთვული იარაღი.





