ივანიშვილის რეჟიმი

პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოზე: ფიქრობენ, რაღაცას გაისვრიან - სინამდვილეში, ფეხში ისვრიან

ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.

ცნობისთვის დღეს, 18 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ წლების განმავლობაში, როდესაც ბრიტანეთი ეხმარებოდა სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მთავრობა თავად უჭერდა მხარს აღნიშნულ აქტივობებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საელჩო კატეგორიულად არ ეთანხმება ამ საქმიანობის აღწერას, როგორც "პროპაგანდისა და ექსტრემიზმის" დაფინანსებას.

პაპუაშვილის თქმით, ბრიტანეთის საელჩომ "ამ განცხადების ტონალობიდან გამომდინარე რაღაც გაისროლა და სინამდვილეში, ფეხში ისროლა".

"ცოტა უცნაურია ბრიტანეთის საელჩოს ბოლო განცხადებების რაღაც სერია, რომელსაც ვისმენთ - ისეთი შთაბეჭდილებაა ამ განცხადებების ტონალობიდან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში, ფეხში ისვრიან ხოლმე ამ განცხადებებით და იზიანებენ საკუთარ თავს.

როგორც წინა ჯერზე იყო საკუთარი თავის დაზიანება და ფეხში ნასროლი იმ მხრივ, რომ თითქოს ჰქონდათ საკრიტიკო, რომ რაღაც თანხმობის პრობლემა არ იყო დასრულებული და ამით გაამჟღავნეს, რომ პროპაგანდას და ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ და დაიზიანეს საკუთარი თავი.

ახლა ამ განცხადებას ორი ნაწილი აქვს - პირველი, რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და დამკვირვებლებს (მართლაც ფარისევლობაა, როცა ბრიტანეთი, რომელიც არ აღიარებს ეუთო / ოდირის დასკვნას 2024 წელთან დაკავშირებით, ახლა მოითხოვს და ითხოვს, თუ წინადადებით გამოდის ეუთო / ოდირთან დაკავშირებით).

რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ბრიტანეთის საელჩომ რაღაც გაისროლა, ახსენა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და მუხლებზე მითითება, თითქოს რაღაც ირღვევა საქართველოს მხრიდან, აქაც ფეხში ისროლა - თუ უნდათ სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი, არ მგონია, რომ ეს ის სფეროა, რაც არის მომგებიანი.

როცა ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს პროპაგანდისტებს და აფინანსებს ექსტერემისტული დღისწესრიგის მქონე ორგანიზაციებს თუ პირებს, ამით, რა თქმა უნდა ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და არღვევს ამ შეთანხმების მეორე მუხლს". - თქვა პაპუაშვილმა.

ივანიშვილის წარმომადგენელმა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება ასევე შეადარა "ბავშვის საქციელსაც".   

"[…] დღეს მე მოვისმინე მათ განცხადებაში, რომ ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ აფინანსებენ პროპაგანდას და ექსტრემიზმს - ბრიტანეთის საელჩოს ეს საქციელი უკვე ჰგავს იმ საქციელს, როცა ბავშვი რაღაც მოპარულ ნივთს მუჭში დამალავს და რომ ეუბნებიან, “რა გაქვს მუჭში?” ეუბნება არაფერიო.

ასე გვპასუხობს ბრიტანეთის საელჩო, ის არ ეთანხმება და მგონი, ზრდასრულ ადამიანებს ასეთი მარტივი, ბავშვური პაუსხით არ დავჯერდებით და მოვითხოვთ მუჭის გახსნას.

გვაჩვენოს ბრიტანეთის საელჩომ, რომ “არა, არ ვეთანხმები” - ეს კითხვა კი არ იყო, ეს იყო ბრალდება, რომელსაც სჭირდება პასუხი და არგუმენტები.

თუკი ბრიტანეთის საელჩოს ჰგონია, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში დააჯარებს, რომ ტაბულა არ არის პარტიის პროპაგანდის კედლის გაზეთი, მაშინ ჩვენ შტერები ვგონივართ". - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, ტაბულამ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი მოიგო, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას, თუმცა, რეჟიმმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საჭირო დროში პასუხი არ დაუბრუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა.

ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის წარმოამდგენელმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბირტანეთის საელჩო და ელჩი გარეთ უორდს ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში დაადანაშაულა და უორდისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა.

პაპუაშვილის განცხადებით, ტაბულა პროპაგანდის გავრცლებას ემსახურება, რომ ის "პარტიული კედლის გაზეთია". ივანიშვილის წარმოამდგენელი ამბობს, რომ "სულ ფიქრობდა, თუ ვინ აფინანსებდა ტაბულას".

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ელჩს გარეთ უორდს ბრალი დასდო 2024 წლის არჩევნებში ჩარევაში.

"ფაქტია, რომ ბრიტანეთის ელჩი ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში, ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე, მოეხდინა ეს გავლენა ქართული ოცნების წინააღმდეგ" - თქვა პაპუაშილმა.

შალვა პაპუაშვილმა ელჩისგან პასუხები მოითხოვა, "რატომ ერეოდა ის არჩევნებში".

"ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან მიმართებით ვაყენებ და გასცეს პასუხი,იყო თუ არა ეს მცდელობა, გავლენა მოეხდინა აზრის ფორმირებაზე ქართული ოცნების წინააღმდეგ". - თქვა ივანიშვილის წარმოამდგენელმა.

იხილეთ ტაბულას მთავარი რედაქტორის, ლევან სუთიძის პასუხი პაპუაშვილის და ირაკლი კობახიძის ცილისწამებაზე: 

კომენტარები