It is now 89 seconds to midnight
ყოველი წლის დასაწყისში ალბერტ აინშტაინისა და მანჰეტენის პროექტის მეცნიერების მიერ დაარსებული ორგანიზაცია - Bulletin of Atomic Scientists - რომელიც ტექნოლოგიური პროგრესისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მეცნიერებს აერთიანებს, აქვეყნებს ე.წ. “განკითხვის დღის საათს” (Doomsday Clock). ამ საათზე შუაღამე, ანუ 00:00 საათი, აღნიშნავს იმ მომენტს, როცა დედამიწაზე ბირთვული ომი დაიწყება. რაც უფრო ცოტა დროა დარჩენილი შუაღამემდე, მით უფრო დიდია ამის რისკები იმ წელს ორგანიზაციის წევრი მეცნიერების აზრით. 2025 წლის იანვარში ამ ორგანიზაციამ გვამცნო, რომ შუაღამეს 89 წამი აკლდა. ეს ორგანიზაციის დაარსებიდან (1947) დღემდე რეკორდულად ახლო დროა შუაღამემდე. ისრაელის იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებსა და სამხედრო ლიდერებზე და შემდგომ განვითარებული თავდასხმები ამ მეცნიერების რამდენიმე თვის წინანდელ აკადემიურ შფოთს რეალურს ხდის.
რა მოხდა
13 ივნისის ღამეს ისრაელმა ოპერაცია “აღმავალი ლომის” ფარგლებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე, სამხედრო მეთაურებსა და ბირთვული პროგრამის მეცნიერებზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. ირანული წყაროების ცნობით, იერიშის სამიზნე, სულ მცირე, 6 ბირთვული ობიექტი და ირანელი მაღალი თანამდებობის პირების, სამხედრო მეთაურებისა და ბირთვული მეცნიერების საცხოვრებლები იყო. მოგვიანებით, ისრაელმა დაადასტურა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურის ჰოსეინ სალამის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოჰამედ ბაღერის, მისი მოადგილის გოლამ ალი რაშიდისა და აიათოლა ალი ხამენეის მრჩევლის, ალი შამხანის, სიკვდილი.
იერიშის დღესვე დადასტურდა ირანის დაზვერვის უფროსის, მოჰამად ყაზემისა და მისი მოადგილის, ჰასან მოჰაქიქის სიკვდილიც. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის მიმართულებით 280-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა დიდი ნაწილიც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია, ნაწილი კი ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ირანის კონტრშეტევას ისრაელში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა.
ურთიერთთავდასხმები ისრაელსა და ირანს შორის ამ დრომდე გრძელდება და გაურკვეველია ეს თავდასხმები რამდენიმე დღეში დიპლომატიის ძალით დასრულდება, თუ ამ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ომის საწყის ფაზას ვადევნებთ თვალს. 15 ივნისს ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ირანი ქალების, ბავშვებისა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისთვის ძალიან დიდ ფასს გადაიხდიდა.
რეგიონის გეოპოლიტიკური დინამიკა
2025 წლის გაზაფხულზე გეოპოლიტიკური შფოთვები ირანის ბირთვულ იარაღთან ზედმეტად მიახლოების შესახებ ძალზე გაიზარდა. ირანის ბირთვული პროგრამის გააქტიურების რისკებთან ერთად სანდო საერთაშორისო მედია, მაგალითად Axios, მაისში წერდა, რომ ისრაელი ირანზე დიდი იერიშისთვის ემზადებოდა.
ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები ირანსა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის ომანში აპრილში დაიწყო. მოლაპარაკებებში ამერიკის მკაცრი პოზიცია იყო, რომ ირანს სრულად უნდა შეეწყვიტა ურანის გამდიდრების პროცესი. თუმცა, 4 ივნისს ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უარყო აშშ-ს შეთავაზება მოლაპარაკებებში და დაადასტურა, რომ ირანი ურანის გამდიდრებას კვლავ გააგრძელებდა.
თანამედროვე სამყაროში ბირთვული იარაღის გავრცელების მთავარ საფრთხედ ასეთი იარაღის მყიფე, არასტაბილურ და ტერორიზმთან დაკავშირებულ სახელმწიფოში გაჩენა ითვლება. ირანი სამივე ამ საფრთხისშემცველ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმამ ისრაელზე რეგიონში ომის ახალი ეტაპი დაიწყო. ირანი რეგიონში დომინაციის შენარჩუნებასა და გლობალურ წესრიგში საკუთარი წონის გაზრდას მრავალი წელია ცდილობს. საბოლოოდ, ირანმა რეგიონში პირდაპირი ინტერვენციების ნაცვლად, მარიონეტული ძალების გამოყენების გზა აირჩია. ასეთი ძალები არიან ჰეზბოლა ლიბანში, ჰამასი ღაზაში, ჰუსიტები იემენში, შიიტური გასამხედროებული დაჯგუფებები სირიაში და შიიტური გასამხედროებული მოძრაობა, ჰარაკატ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბა, ერაყში. ყველა ამ ჯგუფის ფინანსური, სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მფარველი რეგიონში ირანი იყო.
7 ოქტომბრიდან დღემდე ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა ყველა ეს დაჯგუფება მოიცვა. უკიდურესად დასუსტდა ჰამასისა და ჰეზბოლას სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურები. მეთოდური სამხედრო ოპერაციებით, ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმის სამი მთავარი ლიდერი, იაჰია სინვარი, მოჰამედ დეიფი და მოჰამედ სინვარი მოკლა. ასევე ისრაელის ოპერაციის შედეგად მოკვდა ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა და დაჯგუფებას ლიბანში დიდი ზიანი მიადგა ე.წ. პეიჯერების ოპერაციით. სირიაში რეჟიმის ცვლილების ქაოსში ისრაელისა და მეამბოხეთა ხელით თითქმის განადგურდა სირიული შიიტური მარიონეტული ძალები, ასევე ისრაელთან ორმხრივმა ცეცხლმა და იერიშებმა დაასუსტა ერაყული დაჯგუფებებიც. რაც შეეხება ჰუსიტებს, მათ პოლიტიკური პოზიციები სამხრეთ იემენში არ დაუკარგავთ, თუმცა აქვთ დიდი სამხედრო დანაკარგები, რაშიც ისრაელს ბაბ-ელ-მანდების სრუტის ტერორის გამო ამერიკული ძალებიც ეხმარებოდნენ.
ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო კამპანია ტრამპის ადმინისტრაციამაც დაიწყო, რადგან სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გამტარ სრუტეზე ტერორისტული თავდასხმები და საბოტაჟი მსოფლიოს ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებდა. ჰუსიტები, ამ ოპერაციების მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებენ ძლიერ პოზიციებს იემენში, საიდანაც ბალისტიკური რაკეტების გაშვებით ისრაელს დამატებით ფრონტს ხშირად უხსნიან და ისრაელის კომერციული გემების ბლოკადასაც ახდენენ. საცეცების მოკვეთამ და რეგიონში პოზიციების დასუსტებამ ირანი ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა.
ირანის ბირთვული პროგრამა
ირანში პირველი სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული რეაქტორი ისლამურ რევოლუციამდე, ჯერ კიდევ შაჰის პერიოდში აშშ-ს მხარდაჭერით გაჩნდა. თუმცა, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა ავტოკრატიულმა და თეოკრატიულმა რეჟიმმა დასავლეთთან ყოველგვარი თანამშრომლობა შეაჩერა, მათ შორის, ბირთვული ენერგეტიკის მიმართულებითაც.
ბირთვული ძალისხმევა ირანმა 90-იან წლებში რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის ქსელის დახმარებით აღადგინა. 2000-იანი წლებიდან კი თანდათან ცნობილი ხდება ირანში საიდუმლო ბირთვული პროგრამის შესახებ: 2002 წელს მედიაში სატელიტურ ფოტოებზე აღბეჭდილი ნათანზისა და არაქის ბირთვული ობიექტები გამოჩნდა. აქვე საინტერესოა ისიც, რომ 2003 წელს ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ბირთვული იარაღის შექმნისა და გავრცელების წინააღმდეგ ისლამური სამართლის დეკრეტი - ფატვა - გამოსცა.
ამის მიუხედავად, 2006 წელს გაერომ ირანის წინააღმდეგ ურანის გამდიდრების გამო სანქციების შემზღუდველი რეჟიმი შემოიღო. მოგვიანებით, ევროკავშირისა და აშშ-ს ჩართულობით ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ბირთვული შეთანხმება მოჰყვა (JCPOA), სადაც ირანი პროგრამის შეზღუდვას დათანხმდა და შედეგად საერთაშორისო სანქციების რეჟიმებიც უნდა მოხსნილიყო.
ირანის ისლამური რესპუბლიკა ჩანასახიდანვე ისლამისტური ფუნდამენტალიზმისა და რელიგიური ტერორიზმის ტალღის ერთ-ერთ ძირითად ძრავად იქცა, რომელიც თავის მხრივ ანტისემიტიზმსა და ანტიამერიკანიზმს ეფუძნებოდა. მტრული რიტორიკა და მუქარები ისრაელის მისამართით განსაკუთრებით გამწვავდა 21-ე საუკუნეში, როცა საბოლოო განადგურების ნარატივი მარტივად მიანიშნებდა ირანის ბირთვულ ზრახვებზე.
ეს რიტორიკა ჩანდა ირანის პრეზიდენტის (2005-2013) მაჰმუდ აჰმადინეჯადის საჯარო მიმართვებში, მაგალითად: “სიონისტური რეჟიმი არის დამპალი, გამხმარი ხე, რომელსაც ერთი შტორმი გააქრობს” ან “ისრაელი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა”. ასევე აიათოლა ალი ხამენეის პოსტებშიც Twitter-ზე: “ისრაელი არის სიმსივნე, რომელიც უეჭველად ამოიძირკვება და განადგურდება”. საინტერესოა, რომ IRGC-ს მეთაური ჰოსეინ სალამი, რომელიც 2025 წლის 13 ივნისს ისრაელის იერიშის შედეგად მოკვდა, 2019 წელს ამბობდა, რომ ირანის ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, ისრაელის განადგურება მიღწევად და შესრულებად მიზნად იქცა: “სიონისტური რეჟიმი რუკიდან უნდა გაქრეს და ეს ოცნება აღარაა, ეს მიღწევადია” - ამბობდა ის.
საერთო ბირთვული შეთანხმებიდან (JCPOA) აშშ 2018 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას, ცალმხრივად გავიდა, რადგან მათი აზრით, შეთანხმება თავის თავში წარუმატებელი და ნაკლოვანი იყო, არ მოიცავდა შეზღუდვებს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებზე და სრულყოფილად არ იზღუდებოდა ურანის გამდიდრება. ამის შემდეგ ირანმა ბირთვული პროგრამის უფრო სწრაფი განვითარება დაიწყო - გაზარდა ურანის მარაგებიც და მისი გამდიდრების შესაძლებლობებიც. 2022 წლის ნოემბერში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭომ რეზოლუციით ირანს მოუწოდა, მათი ორგანიზაციის კვლევა/გამოძიებასთან ეთანამშრომლა. საპასუხოდ, ირანის წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ დაიწყებდნენ ურანის 60%-მდე გამდიდრებას ფორდოს ბირთვულ კომპლექსში.
ბირთვული იარაღის შექმნის ორი მთავარი კომპონენტი საკმარისი გახლეჩადი მასალის (fissile material) - ურანის ან პლუტონიუმის ფლობა და ბომბის ტექნოლოგიის შექმნაა. მსოფლიო ბირთვული წესრიგის ერთ-ერთი თავის ტკივილი ისაა, რომ გამდიდრებული ურანი არასამხედრო სფეროებშიც, მაგალითად ენერგეტიკასა და მედიცინაში გამოიყენება, რის გამოც ბირთვული იარაღის გავრცელების კონტროლი რთულდება.
თუმცა, ინფორმაცია გამდიდრების ხარისხის შესახებ ხშირად სიცხადეს ჰფენს მის რეალურ დანიშნულებას. კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში ბირთვული რეაქტორები 3%-დან 5%-მდე გამდიდრებულ ურანს იყენებენ, მედიცინის პრაქტიკაში 20%-მდე გამდიდრებული ურანი გამოიყენება, ხოლო ბირთვული იარაღის შექმნას 90%-ით ან მეტად გამდიდრებული გახლეჩადი მასალა სჭირდება. 20%-ზე მეტად გამდიდრებული მასალა ძალიან იშვიათ შემთხვევებში სამედიცინო კვლევებში გამოიყენება, რაც IAEA-ს მონიტორინგსა და აქტიურ შემოწმებას ექვემდებარება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, ირანს 2019 წლამდე დაახლოებით 150 კილოგრამამდე 3,6%-ით გამდიდრებული ურანის მარაგი ჰქონდა, ხოლო 2025 წელს დაახლოებით 2200 კგ 2%-ით გამდიდრებულ, 5500 კგ 5%-ით გამდიდრებულ, 275 კგ 20%-მდე გამდიდრებულ და 410 კგ 60%-მდე გამდიდრებულ ურანს ფლობს. ურანის გამდიდრებისთვის ირანი ათასობით ცენტრიფუგას იყენებს, რომელთა მოდელებიც, როგორც ცნობილია, ბოლო წლებში უფრო დახვეწეს და განავითარეს. ამასთან, 2023 წელს IAEA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ირანის ფორდოს ატომურ კომპლექსში 83,7%-ით გამდიდრებული ურანის ნაწილაკები აღმოაჩინეს, რაზეც ირანის პასუხი იყო, რომ ურანის რაღაც ნაწილი 83,7%-მდე გაუთვალისწინებელი ცვლილებებით, შემთხვევით გამდიდრდა. ფორდოს ბირთვული სადგურების კომპლექსი ირანის ბირთვული პროგრამის საკვანძო რგოლია, რომელზეც ისრაელმა 13 ივნისს იერიში მიიტანა. 2023 წლის სექტემბერში ირანმა IAEA-ს ინსპექტორების ნაწილი ირანში შემოწმების პროცედურაზე არ დაუშვა. თუმცა, ოფიციალურად IAEA-მ ირანის მხრიდან ბირთვული გაუვრცელებლობის დარღვევა ამ წლის 12 ივნისს დაადგინა.
მეორე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უშუალოდ ბომბის კონსტრუქციის აგებაა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას საკმარისი რაოდენობისა და გამდიდრების ხარისხის გახლეჩადი მასალა ექნება. ხანდახან სადაზვერვო სამსახურებზე, IAEA-სა და გაეროს მისიებზე დაყრდნობით, ქვეყნები ავრცელებენ ინფორმაციას, თუ რამდენად ახლოსაა ტექნოლოგიურად ქვეყანა ბირთვული იარაღის შექმნასთან და ამას საჭირო მასალის ფლობიდან ბირთვული იარაღის შექმნამდე საჭირო დროით ზომავენ. 2024 წლის ივლისში ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე იმ დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ მათი ინფორმაციით, ირანს მასალის ფლობიდან იარაღის შექმნამდე ორ კვირამდე დრო დასჭირდება და ამ უკიდურესად კრიზისულ სიტუაციას ის ტრამპის მიერ JCPOA-ს დატოვებას აბრალებდა. ამასთან, ისრაელის მედიის ცნობით, 13 ივნისის იერიშებამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის დაზვერვამ მიიღო “ოქროს ინფორმაცია”, რომ ირანში მეცნიერებმა ბირთვული ბომბის შესაქმნელად საჭირო წარმატებული ექსპერიმენტები ჩაატარეს.
ასევე ანალიტიკოსები ისრაელის იერიშამდე ვარაუდობდნენ, რომ ირანის ურანის მარაგების შესახებ ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, წარმატებით გამდიდრებიდან ორი კვირის ვადაში ირანს 5-დან 10-მდე ერთეული ბირთვული ქობინის შექმნა შეეძლო.
დროისა და მასალის რაოდენობის ეს მონაცემები ნათელს ხდის, რომ უკვე 2025 წელს, როდესაც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა, ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევა ნების საკითხი უფრო იყო, ვიდრე - შესაძლებლობის.
რეგიონში ირანის მარიონეტული ძალების ქსელის დასუსტებამ ასევე გაზარდა რისკები, რომ ირანი სწორედ ამ კრიზისული მდგომარეობის გამო ვერ დაინახავდა ვითარების შემოტრიალების სხვა გზას, ბირთვული იარაღის საბოლოოდ და სასწრაფოდ შექმნის გარდა. ამ კონტექსტში კიდევ უფრო საგულისხმოა პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს განცხადება 13 ივნისის იერიშის შემდეგ, როცა მან აღნიშნა, ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების ბრძანება ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში გასცა, მას შემდეგ, რაც სექტემბრის ბოლოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.
რაში მდგომარეობს ისრაელის ეგზისტენციური საფრთხე
ისრაელი საკუთარი ბირთვული არსენალის შესახებ სტრატეგიული ბუნდოვანების დოქტრინას იყენებს - ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ ბირთვული იარაღის მფლობელია, თუმცა ამას არც უარყოფს. მათი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ახლო აღმოსავლეთში არ იქნებიან პირველი სახელმწიფო, რომელიც საჯაროდ დაადასტურებს, დატესტავს ან გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ასევე ბუნდოვანია ინფორმაცია ისრაელის არსენალის ზომის შესახებ, თუმცა ყველაზე შეჯერებული ვერსიით, ისრაელი დაახლოებით 90 ბირთვულ ქობინს ფლობს.
ისრაელის ბირთვული პროგრამა ბენ გურიონის მმართველობის პერიოდიდან იღებს სათავეს და ის ჰოლოკოსტის ტრავმით საზრდოობს. პრემიერმინისტრ ბენ გურიონის ხედვა ისრაელის უსაფრთხოების შესახებ ემყარებოდა იდეას, რომ ჰოლოკოსტი არ უნდა განმეორდეს. ამავე ტრავმას ეხმაურება ნეთანიაჰუს 13 ივნისის განცხადება: “იმ ომის შემდეგ, ებრაელმა ხალხმა და ებრაულმა სახელმწიფომ დაიფიცა, რომ აღარასდროს [განმეორდებოდა იგივე]. აღარასდროს სწორედ დღესაა. ისრაელმა აჩვენა, რომ მან ისტორიის გაკვეთილები ისწავლა”.
თუმცა, ისრაელისთვის საკითხის ეგზისტენციურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი ზომისა და გეოგრაფიის გამო ისრაელის არსენალის შეკავების ძალას დიდად არ ზრდის მოცემულობა, ისრაელს 15 ბირთვული ქობინი ექნება თუ - 150.
ბევრისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება აბსურდული და არარეალური სცენარია, თუმცა პოტენციური ბირთვული ცეცხლის გაცვლა, თუ არა ომი, ხშირად განხილული და კარგად თეორეტიზებული განვითარებაა სამხედრო სტრატეგოსებისა და მკვლევრებისთვის.
ბირთვული შეკავების დოქტრინა საპასუხო გამანადგურებელი დარტყმისა და ომის შემთხვევაში ორმხრივად გარანტირებული განადგურების (Mutual Assured Destruction - MAD) საფრთხით მეორე ქვეყნის თავდასხმის შეკავებას გულისხმობს. ბუნებრივია, რომ თუ ერთი ქვეყანა მეორე ბირთვულ ქვეყანაზე თავდასხმას გადაწყვეტს, პირველი სამიზნე ამ ქვეყნის ბირთვული ინფრასტრუქტურა იქნება საპასუხო დარტყმის შესაძლებლობის გასანეიტრალებლად. ეს ნიშნავს, რომ ბირთვული შეკავება მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ქვეყანას ასეთი დარტყმის შემდეგაც სავარაუდოდ დარჩება ხელუხლებელი ბირთვული იარაღი საპასუხო დარტყმისთვის. ამას მეორე დარტყმის შესაძლებლობას უწოდებენ.
მეორე დარტყმის შესაძლებლობა ბირთვული შეკავების მთავარი ელემენტია, რის გამოც ჰიპოთეზური ბირთვული ომის სცენარებში მთავარი ყურადღება არა პირველ, არამედ მეორე დარტყმაზეა გამახვილებული. ისრაელს რამდენი ბირთვული იარაღიც არ უნდა ჰქონდეს, ის ისრაელის ნიუ ჯერსის შტატზე უფრო პატარა მიწაზე იქნება განლაგებული. ჰიპოთეზურ ბირთვულ ომში ეს თითქმის შეუძლებელს ხდის ისრაელისთვის, რომ პირველი დარტყმა მიიღოს და შთანთქმას, თუნდაც დიდი დანაკარგებით.
მაგალითისთვის, ეს პრობლემა არ არსებობს დიდი ბირთვული სახელმწიფოებისთვის, აშშ-სა და რუსეთისთვის, რომელთაც დამანგრეველი პირველი დარტყმის მიღება შეუძლიათ ისე, რომ მათი ტერიტორიის მეორე ბოლოში განთავსებული ბირთვული არსენალი ხელშეუხებელი დარჩება და გარანტირებულად დაუბრუნებენ თავდამსხმელს გამანადგურებელ დარტყმას. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით რუსეთი “მკვდარი ხელის” საბჭოთა სისტემას კვლავ ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბირთვული იერიშის შემთხვევაში რუსული საპასუხო დარტყმა ავტომატურად ამოქმედდება ადამიანის ჩართულობის გარეშე.
პატარა და მჭიდროდ დასახლებული ქვეყნებისთვის, რომელთაც გადარჩენის მსგავსი ფუფუნება არ აქვთ, ბირთვული შეკავების ერთ-ერთ მთავარ ალტერნატივად ზღვაზე განთავსებული ბირთვული რაკეტების სისტემები რჩება. ისრაელის არსენალი 10-მდე სამხედრო წყალქვეშა ნავსაც მოიცავს, თუმცა აქვთ თუ არა ამ ნავებს ბირთვული შესაძლებლობა ეს საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
ისრაელმა Dolphin-class-ის წყალქვეშა ნავები გერმანულ სამხედრო კომპანიას, Howaldtswerke-Deutsche Werft-ს შეუკვეთა. სხვადასხვა მედიისა და ანალიტიკური ცენტრის აზრით, ამ წყალქვეშა ნავებს ბირთვული ბომბის გადატანა და გაშვება შეუძლიათ. თავად კომპანიამ და გერმანიის სახელმწიფო წარმომადგენლებმა მრავალჯერ დააზუსტეს, რომ ისრაელთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობენ, თუმცა ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების დარღვევაში არ დახმარებიან.
ამის მიუხედავად, არსებობს სპეკულაციები, რომ ისრაელმა გერმანული წყალქვეშა ნავების შესაბამისი მოდიფიკაცია თავად დაიწყო და ახლა მათ ბირთვული საპასუხო დარტყმის განხორციელება ღრმა წყლებიდან შეუძლიათ. საბოლოოდ, ამ საკითხზე შეჯერებული და დამაჯერებელი ვარაუდი არ არსებობს, თუმცა ნათელია, რომ მეორე დარტყმის შესაძლებლობის გაჩენა ისრაელის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია.
ნაკლებად სავარაუდო მეორე დარტყმის შესაძლებლობა, გეოგრაფიულ სიმცირესთან ერთად არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ისრაელი ირანის ბირთვულ პროგრამას ეგზისიტენციურ საფრთხედ აღიქვამს.
ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის გასაკონტროლებლად დიპლომატიას სულ სკეპტიკურად უყურებდა. მათთვის შეთანხმებები და დადებული პირობები არაა საკმარისი მშვიდი ძილისთვის.
ამას გარდა, ისრაელი ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან მისდევს “The Begin Doctrine”-ს, რაც გულისხმობს, რომ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც განსაკუთრებულად მტრულად არიან განწყობილი ისრაელის მიმართ, არასდროს უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. ამ დოქტრინით მოქმედების პირველი მაგალითი 1981 წელს ისრაელის თავდასხმაა ერაყის ოსირაკის ბირთვულ რეაქტორზე.
რა როლს თამაშობს ვაშინგტონი
დონალდ ტრამპის მეორე ვადას საგარეო ფრონტზე ფონად გასდევს ომების დასრულებისა და ახალი ომების არ დაწყების წინასაარჩევნო დაპირება და ბრალი, რომელსაც უკრაინის ომის გამო ტრამპი და მისი გუნდი ბაიდენის ადმინისტრაციას სდებენ. ბუნებრივია, რომ ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გაფართოება და ესკალაცია ომების დასრულების დროშით მოსული პრეზიდენტის ყველაზე სასურველი რეალობა არაა.
თუმცა ამის პარალელურად, ირანი ბირთვული პროგრამის დასრულებას 2025 წელს საგანგაშოდ მიუახლოვდა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ერთ-ერთი გამორჩეული სიუჟეტური ხაზი ირანთან ბირთვული შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტა, ირანთან ურთიერთობის სწრაფი ესკალაცია და IRGC-ის გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობაა. პოლიტიკური წარსულის ეს მონაკვეთი აჩრდილივით დაჰყვება ტრამპის მეორე ვადას და შეუძლებელს ხდის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო განვითარებული მოვლენების იგნორირებას.
თავდაპირველად ტრამპს ირანზე წნეხის გაზრდა და ბირთვული პრობლემის აღმოფხვრა მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზით უნდოდა, რაც შესაძლოა, კვლავაც სურს. ამ ძალისხმევის ფარგლებში მან ირანის ლიდერს მარტში წერილიც გაუგზავნა და განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი “ვერ ექნება”.
“ჩვენ გვაქვს სიტუაცია ირანთან, რომ რაღაც უნდა მოხდეს ძალიან მალე. იმედია, გვექნება სამშვიდობო შეთანხმება. იცით, მე არ ვსაუბრობ სიძლიერიდან ან სისუსტიდან. უბრალოდ ვამბობ, მირჩევნია ვნახო სამშვიდობო შეთანხმება, ვიდრე მეორე რაღაც, მაგრამ მეორეს პრობლემის აღმოფხვრა შეუძლია”. - ამბობდა ტრამპი.
ამასთან, თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის ირანთან მოლაპარაკებების შიდაპოლიტიკური ფასი განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ამერიკის წარუმატებლობის შემდეგ. ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლოა, ძალიან სჭირდებოდეს სწრაფი დიპლომატიური ბენეფისი, თუმცა რამდენად გამოვა ეს ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ ვაშინგტონზე არაა დამოკიდებული.
რას შეიძლება ველოდოთ
მასშტაბური ურთიერთთავდასხმები ირანსა და ისრაელს შორის, და რაც მთავარია თავდასხმები ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ცხადს ხდის, რომ ორივე მხარისთვის ამ კონფლიქტში ფსონები ძალიან მაღალია. ირანი ბირთვულ პროგრამასთან ასე ახლოს მრავალი წლის მანძილზე არ ყოფილა, თუმცა ამ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ირანს ბევრი რამ გამოუვაჭრია.
ბოლო იერიშების შემდგომ უფრო ნათელი გახდა, რომ აშშ-სთან ბირთვული შეთანხმების არდადება თეირანისთვის შეცდომა იყო და შესაძლოა, ამჯერად ისრაელის განგრძობითმა დარტყმებმა ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან კომპრომისის აუცილებლობასთან უფრო შეგუებული მიიყვანოს.
ამასთან, ირანის ბირთვული და კონვენციური სამხედრო შესაძლებლობების სერიოზული დასუსტება რეჟიმის ცვლილების შანსებსაც შეიძლება ზრდიდეს. ირანელ ხალხს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუშიც მოუწოდა. ასევე, 15 ივნისს Israel Hayom-მა გაავრცელა ინფორმაცია ვლადიმირ პუტინსა და აიათოლა ალი ხამენეის შორის სატელეფონო საუბრის შესახებ, რომლის დროსაც პუტინმა ხამენეი გააფრთხილა, რომ მის რეჟიმს საფრთხე ემუქრება.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეგიონში კრიზისულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ და ბირთვულ იარაღთან ძალიან მიახლოებამ ირანს უბიძგა მაქსიმალურად გაეჭიანურებინა და არ დათანხმებულიყო აშშ-სთან ბირთვულ შეთანხმებას.
ნათელია, რომ ირანის პოზიცია რეგიონში და ქვეყნის შიგნით ბევრად სუსტია, ვიდრე წინა წლებში იყო, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ასეთი სისუსტე ისევე შეიძლება გახდეს რადიკალური ზომის მიღებისა და ბირთვული იარაღის შექმნის ნაპერწკალი, როგორც კაპიტულაცია ბირთვულ პროგრამაში. თუმცა ახლა, ბირთვულ ობიექტებზე სავარაუდოდ უდიდესი ზიანის შემდეგ, ირანისთვის მოლაპარაკების დაწყება გაცილებით მარტივი უნდა იყოს და მისი ამ ჩიხში შესული მდგომარეობით შესაძლოა, ამჯერად ისრაელმა ისარგებლოს და ირანისთვის მაქსიმალური სამხედრო ზიანის მიყენებას შეეცადოს.
რაც შეეხება ირანის მოკავშირე მარიონეტულ ჯგუფებს რეგიონში, რომელთაც გარკვეული სამხედრო პოტენციალი ჯერ კიდევ აქვთ - ჰუსიტებს და ერაყის შიიტურ მოძრაობებს - მათ ირანს მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ ირანის დასახმარებლად ომში ჩართვის შესახებ. ერაყის შიიტური ჯგუფების ლიდერმა კი განაცხადა, რომ ისრაელს ირანი მარტოც კარგად გაუმკლავდება.
მეორე ან მესამე ფრონტიდან თავდასხმების მოგერიება ბოლო ორ წელიწადში ისრაელის ძალების რუტინულ მისიად იქცა და ამასთან, ზემოთ ხსენებული ჰუსიტებისა და ერაყის შიიტური ჯგუფების პოზიციები რამდენიმე კვირის წინ ისრაელის სამიზნე იყო. ეს განვითარება ისრაელისთვის კარგად მოსალოდნელი და მომზადებული დავალებაა.
ბუნებრივია, ასეთ დაძაბულობას ისრაელსა და ირანს შორის დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მსოფლიოს ეკონომიკაზე. Brent-ის ნავთობის ფასის ინდექსი უკვე 6%-ით გაიზარდა. თავდასხმა ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურასა და სპარსეთის ყურეზე, სადაც მსოფლიო ნავთობის მესამედი მოიპოვება, ნავთობის ფასის ზრდას ლოგიკურად გამოიწვევს.
თავად ბირთვული კონფლიქტი აქამდე ფსიქოლოგიურად ტაბუირებულ ტერიტორიად რჩებოდა. ცივი ომის ყველაზე ცხელ ფაზებში თავიდან არიდებულმა კატასტროფებმა ადამიანები დაარწმუნა, რომ ეს იარაღი მართლაც მისი გამოუყენებლობისთვის შეიქმნა. ამის მიუხედავად, ბირთვული იარაღის გავრცელების შეჩერება მსოფლიომ იდეალურად ვერ შეძლო და ახლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი მისი არასტაბილურ და ტერორიზმთან დაკავშირებულ ხელებში მოხვედრაა.
თუმცა, მეორე მხრივ, ისრაელსა და ირანს შორის ღია კონფრონტაცია ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი განვითარება იყო ბოლო წლების ახლო აღმოსავლეთის დინამიკის გათვალისწინებით. ამ კონფლიქტის სამომავლო განვითარება გვაჩვენებს, მიაყენებს თუ არა ისრაელის იერიშები საკმარის ზიანს ირანის სამხედრო შესაძლებლობებსა და პრესტიჟს, ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ცვლილებების ტალღის დასაწყებად.




