სამართლიანი არჩევნების ახალი ბლოგში, "ახალგაზრდების პროტესტად გასაღებული ქართული ოცნების აქცია", ISFED გვიყვება, რომ დღეს, 13 ივნისს, პოლონეთის საელჩოსთან გამართული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქცია, რომლის მოთხოვნაც პოლონეთის პრემიერმინისტრის მიერ ბოდიშის მოხდა იყო, პროპაგანდისტულმა მედიებმა საზოგადოებრივ გაღიზიანებაზე დაფუძნებულ მოვლენად გააშუქეს.
"2025 წლის 12 ივნისს პოლონეთის სეიმში მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობს, რათა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს ან შეეზღუდოს, რის მიზეზადაც მან ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და მიგრაციასთან დაკავშირებული წუხილები დაასახელა. აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, დავით მათიკაშვილისა და პარტია ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მხრიდან ტუსკისა და პოლონეთის მთავრობის საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელება მოჰყვა.
მეორე დღეს, 13 ივნისს, კი პოლონეთის საელჩოსთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქცია გაიმართა. თუმცა აქცია, რომლის მოთხოვნაც იყო, ბოდიში მოეხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც საქართველოს მტრად და "დიფ სთეითის" მეგობრად გამოცხადდა, პროპაგანდისტულმა მედიამ მოქალაქეთა პროტესტად წარმოაჩინა. გზავნილები აქტიურად გავრცელდა სოციალურ მედიაშიც, როგორც "მოქალაქეთა პროტესტი".
ქართული ოცნება, რომელსაც სურს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდაჭერის ილუზიის შექმნა, პერიოდულად მიმართავს პროპაგანდის შემდეგ მეთოდს: იგი პროპაგანდისტული მედიის მეშვეობით ქმნის ბუნებრივად წარმოქმნილი პროტესტის სიმულაციას - პარტიის ახალგაზრდული ფრთის მობილიზებით მართავს საპროტესტო აქციას, თითქოს ეს დამოუკიდებელი მოქალაქეების სპონტანური გამოხმაურებაა. აქციის შინაარსი ემთხვევა პარტიის დღის წესრიგს, ლოზუნგები კარგად გათვლილია, ხოლო მონაწილეები მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან პარტიულ სტრუქტურებთან. პროპაგანდისტული მედია ამგვარ აქციას აშუქებს, როგორც საზოგადოებრივ გაღიზიანებაზე დაფუძნებულ მოვლენას. აქცენტი კეთდება "შეშფოთებულ მოქალაქეებზე", "გაბრაზებულ ახალგაზრდებზე" და როგორც ტელევიზიით, ისე სოციალური მედიით ვრცელდება მათი გზავნილები, როგორც "მოქალაქეთა გამოხმაურება" - ვკითხულობთ სტატიაში.
ორგანიზაცია ISFED-ის განცხადებით, სხვადასხვა პროპაგანდისტულ მედიაში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები მოხსენიებულნი არიან სტუდენტებად, "შეშფოთებულ მოქალაქეებად" და ა.შ.
ISFED გვთავაზობს აქციაში მონაწილე პარტიული პირების ვინაობებს, მაგალითად, სამგორის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ვაჟა კოკაია, რომელიც აქციის დამოუკიდებელ მონაწილედ მოიხსენია სამთავრობო ტელეკომპანია იმედმა.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ აქციამდე ერთი დღით ადრე, 2025 წლის 12 ივნისს, დონალდ ტუსკის წინააღმდეგ ფეისბუქზე განცხადებები რეკლამის სახით გავრცელდა.
დასკვნის სახით, ISFED პარალელს ავლებს რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, ბუნებრივი აქციების სიმულაციასთან მმართველი რეჟიმის მიერ.





