ამერიკული ტელეარხი ABC News წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო დღეებში ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს განიხილავს.
მედიის ცნობით, წყაროებმა ზუსტად არ იციან, თუ რა როლი ექნება აშშ-ს ისრაელის ირანზე იერიშის დროს, თუმცა შესააძლებელია, რომ აშშ-მ სამხედრო ოპერაციისას ლოჯისტიკური როლი შეასრულოს და ისრაელს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიაროს, რომელიც ასეთი სახის იერიშებისთვის იქნება საჭირო.
მანამდე, გამოცემა Washington Post წერდა, რომ ირანზე ისრაელის იერიშების შესაძლო მიტანის ფონზე, აშშ ერაყის საელჩოში პერსონალის შემცირებასთან ერთად, მთელ ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე საელჩოებში დამატებით ზომებსაც იღებს.
როგორც Washington Post წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა საელჩოს, რომელიც ირანის საიერიშო შესაძლებლობების არეალში ექცევა, უბრძანა, შექმნან საგანგებო მოქმედების კომიტეტები და ვაშინგტონში გაგზავნონ დიპლომატიური ტელეგრამები, რისკების შემცირების ზომების შესახებ. ეს ბრძანება ეხება აშშ-ს მისიებს, რომლებიც მდებარეობენ ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
WP განმარტავს, რომ ამ პროცედურას მოჰყვა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოს გადაწყვეტილება, რომ ერაყში მყოფი დიპლომატიური მისიიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამშრომლები გამოეყვანათ.
აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, ბოლო თვეებში აშშ-ს დაზვერვის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებს შესაძლოა, ვაშინგტონის თანხმობის გარეშეც დაარტყას.
ხოლო გამოცემა Axios-ის ცნობით, ისრაელმა თეთრი სახლი დაარწმუნა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტი ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
ირანისა და აშშ-ს მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი ომანში 15 ივნისს არის დაგეგმილი. მაგრამ WP-ს წყაროები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა, არ გაიმართოს.
აქამდე ტრამპი მოლაპარაკებებს, რომლებიც აპრილში დაიწყო, დადებითად აფასებდა და ამბობდა, რომ პროცესი პოზიტიური მიმართულებით ვითარდებოდა. მისივე თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სამხედრო გეგმები დროებით გადაედო.
თუმცა, 11 ივნისს ტრამპმა აღნიშნა, რომ "ნაკლებად დარწმუნებულია" რომ ირანი აშშ-ს მოთხოვნებს დათანხმდება და ურანის გამდიდრების პროგრამას შეაჩერებს.
ტრამპის განცხადების შემდეგ, ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ თუ აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები ჩაიშლება და ამის შედეგად კონფლიქტი აღმოცენდება, ირანი რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებს დაარტყამს.





