ირაკლი შაიშმელაშვილი

შაიშმელაშვილი: "ეფესბეს" წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში სხედან

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი, თავის წყაროებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ "ეფესბეს" (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) წარმომადგენლები "სხედან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობაში". 

შაიშმელაშვილის თქმით, "ეფესბეს" წარმომადგენლები "აქტიურად ეხმარებიან ქართულ სპეცსამსახურებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციებში".

"ადრე თუ იყო ვარაუდი, ახლა დადასტურებულად შემიძლია გითხრათ წყაროსგან, რომ ეფესბეს წარმომადგენლები სხედან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და აქტიურად ეხმარებიან ქართულ სპეცსამსახურებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციებში. [წყაროებს] პირადად ჰყავთ ეს ხალხი ნანახი სუს-ის შენობაში. ესენი არიან, ჩემი აზრით, ტექნიკური პერსონალი, რომლებიც მხარს უჭერენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სხვადასხვა საკითხებში - ტექნოლოგიურ, ინფორმაციის, მონაცემთა მოპოვების თუ სხვა საქმეებში". - თქვა შაიშვმელაშვილმა გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში.

ცნობისთვის, 2024 წლის 3 დეკემბერს დეკემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

მოგვიანებით, შაიშმელაშვილისა და მისი ოჯახის საქართველოდან წასვლის შემდეგ გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის ყოფილ ხელმძღვანელთან ინტერვიუ TV პირველის ეთერში გავიდა. 

შაიშმელაშვილმა წასვლამდე TV პირველს აღნიშნა, რომ "დღეს რაც ხდება, რუსეთის მიერ აგრესიულად წარმოებული ჰიბრიდული ომია". მან ასევე თქვა, რომ პოსტის დატოვების შემდეგ "იყო (ფიზიკური ანგარიშსწორება), ვიჩხუბეთ. სამწუხაროდ არ დამთავრდა ამით, მოჰყვა ზარები. რომ ჩავრთე ტელეფონი, თუკი ვინმე შეიძლებოდა ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა, პირდაპირი და ირიბი მუქარებით. შვილებზე, განსაკუთრებით".

"ყველაზე მძიმე ის აღმოჩნდა, რომ ეს წლები მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც სამართალი შეიძლება ვერ ვიპოვო. ამიტომ, ამ ინტერვიუს მერე ფრენა მაქვს და მივდივარ ქვეყნიდან". - თქვა შაიშმელაშვილმა. 

კომენტარები